კონფერენს ლიგაზე „საბურთალომ“ პირველ მატჩში ბუქარესტის „სტიაუა“ დაამარცხა (1:0) და ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის სამუშაოც შეიწირა – ანტონ პეტრეა გადადგა. ოფიციალუარდ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩემპიონატის თამაში წააგო „რაპიდთან“ (0:2), თუმცა სერიოზული ბზარი სწორედ თბილისში გაჩნდა.
პეტრეას შემცვლელი ჯერ არ დაუსახელებიათ. გუნდში სავარაუდოდ, ნიკოლაე დიკა მივა, რომელიც „სტიაუას“ ერთ დროს უკვე წვრთნიდა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. კლუბის უცნაური ხასიათით გამორჩეულმა პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ ისიც კი თქვა, რომ შესაძლოა გუნდი მთელი თვე უმწვრთნელოდაც კი იყოს.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით შეხვედრა „სტიაუასა“ და ჩვენს „საბურთალოს“ შორის ბუქარესტში 28 ივლისსაა.
ბუქარესტულ გუნდში არსებულ არცთუ სახარბიელო ვითარებაზე ისაუბრა რუმინეთის ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა ფლორინ პრუნეამ (1990-2001 – 40 მატჩი):
„ვერ ვხვდები რა დაემართა გუნდს ბოლო სამ თვეში. „სტიაუა“ სეზონის დასაწყისში ცუდად გამოიყურება და ეს ზაფხულის ცუდი მომზადების შედეგია. ბუნებრივია მწვრთნელი პასუხისმგებელია, მაგრამ ბევრ ფეხბურთელს თამაში დაავიწყდა. გუნდს დაცვის ცენტრსა და ნახევარდაცვაში გაძლიერება სჭირდება.
ვფიქრობ, ტონი პეტრეამ გადაწყვეტილება „საბურთალოსთან“ მატჩის შემდეგ მიიღო. მას ამ მატჩის ეშინოდა. შეიძლება არ არის სწორი ამას რომ ვამბობ, მაგრამ ის ალბათ მთელი ცხოვრება გაიხსენებს ამას“.
GIPHY App Key not set. Please check settings