შუა კვირაში ქართველმა ლეგიონერებმა ჩემპიონატის მატჩებშიც ითამაშეს და თასებზეც.
MLS-ში ფლეი-ოფები მიდის. საბა ლობჟანიძის “ატლანტა” 1/8 ფინალის პირველ მატჩში სტუმრად 0:2 დამარცხდა “კოლამბუსთან”. საქართველოს ნაკრების მარჯვენა ნახევარმცველმა სრული მეორე ტაიმი ითამაშა. შეფასება – 6.3.
“აიაქსში” დებიუტი ჰქონდა ახალ მწვრთნელს. ჯონი ვან’ტ სხიპის ხელმძღვანელობით ამსტერდამელებმა გამოტოვებულ მატჩში შინ 2:0 მოუგეს “ვოლენდამს”. სამწუხაროდ, არაფერი შეიცვალა გიორგი მიქაუტაძისთვის – საქართველოს ნაკრების ფორვარდი კვლავ სათადარიგოთა შორის იყო.
პოლონეთში ოთარ კაკაბაძის “კრაკოვიამ” საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო თორნიკე გაფრინდაშვილის “ზაგლემბიეს” და თასის 1/8 ფინალში გავიდა. კაკაბაძემ 77-ე წუთიდან ითამაშა, გაფრინდაშვილი განაცხადში არ ყოფილა.
იტალიაში, თასის 1/16 ფინალში “სასუოლომ” პენალტების სერიაში (ძირითადი დრო – 0:0) დაამარცხა “სპეცია”, რომლის ძირითად შემადგენლობაში 59-ე წუთამდე ითამაშა ივა გელაშვილმა (6,9).
ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი კვერნაძეც, რომლის “ფროზინონემ” დამატებით დროში (ძირითადი დრო – 1:1) გატანილი გოლით სტუმრად დაამარცხა “ტორინო” და გავიდა 1/8 ფინალში, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” შეხვდება. ტურინელთა სათადარიგოებში იყო საბა საზონოვი.
ეუსებიო დი ფრანჩესკომ კვერნაძე (შეფასება – 6,3) უჩვეულო პოზიციაზე – მარჯვენა ნახევარმცველად დააყენა და 61-ე წუთზე შეცვალა. გიორგის დაცვაშიც ხშირად უწევდა თამაში და კონტრშეტევებშიც მონაწილეობდა, თუმცა ეს არ ყოფილა მისი საუკეთესო მატჩი.
“ვალენსიამ” ესპანეთის სამეფო თასის 1/64 ფინალში სტუმრად 2:0 მოუგო “ლოგრონიესს”. გიორგი მამარდაშვილი თამაშზე არც წასულა.
“შტურმის” შემადგენლობაში არ ყოფილა ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი, რომლის გარეშეც მისმა გუნდმა “გრაცთან” საგარეო დერბიში 3:2 მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings