„ჩელსი“ „ვალენსიისა“ და ბილბაოს „ატლეტიკის“ მეკარეებს, გიორგი მამარდაშვილსა და უნაი სიმონს აკვირდება – ინფორმაციას გამოცემა 90min.com-ი ავრცელებს.
„ლონდონის „ჩელსიმ“ ზაფხულში მეკარეების შემადგენლობა შეცვალა – ედუარ მენდი საუდის არაბეთის „ალ აჰლიში“ გადავიდა, ხოლო კეპა არიზაბალაგა მადრიდის „რეალს“ იჯარით შეუერთდება. მათ ნაცვლად გუნდში რობერტ სანჩესი და ჯორჯ პეტროვიჩი მიიყვანეს.
სანჩესი სარეზერვო მეკარედ დაიმატეს, მაგრამ ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და მიმდინარე სეზონში „ჩელსიში“ ჩატარებულ 12 მატჩში კარი მშრალად ოთხჯერ შეინახა. მიუხედავად იმისა, რომ მას „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ენდობა, გუნდს ახალი პირველი მეკარის შეძენა სურს და ამ მიზნით გიორგი მამარდაშვილსა და უნაი სიმონს აკვირდება.
„ჩელსის“ სკაუტები „სან მამესის“ სტადიონზე „ვალენსიისა“ და ბილბაოს „ატლეტიკის“ მატჩს დაესწრნენ, რათა მამარდაშვილსა და სიმონს დაკვირვებოდნენ. მამარდაშვილი „ჩელსის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, თუმცა ლონდონელები სიმონსაც აკვირდებიან და, სავარაუდოდ, საბოლოო არჩევანს ამ ორ მეკარეს შორის გააკეთებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა. იგი თბილისის „დინამოდან“ „ვალენსიაში“ 2021 წლის იანვარში გადავიდა, 74 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 21-ჯერ შეინახა“, – წერს გამოცემა 90min.com-ი.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings