in

თსუ-ს მოგებამდე ცოტა დააკლდა: კარგი თამაში გერმანიაში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბმა (თსუ) ფიბას ევროთასის გათამაშების პირველი შეხვედრა გერმანიაში „გიოტინგენთან“ 81:86 წააგო.

საქართველოს ჩემპიონი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბენფიკასთან“ დამარცხდა, ასპარეზობას ფიბა ევროპის თასზე აგრძელებს, სადაც ჯგუფში არიან იტალიური „ვარეზე“, გერმანული „გიოტინგენი“ და კვიპროსის „კერავნოსი“.

პირველ ტურში ჩვენი გუნდი სტუმრად „გიოტინგენს“ შეხვდა.

საქართველოს ჩემპიონმა მეტოქეს პირველი (20:12) და მესამე (25:21) პერიოდები მოუგო. სამწუხაროდ, მეორე მეოთხედი 15 ქულით წავაგეთ (13:28) და ამან საბოლოო შედეგზეც იქონია გავლენა.

თუმცა მაინც იყო მოგების შანსი, მით უმეტეს ბოლოსკენ, 2:28 წუთით ადრე ვიგებდით კიდეც (78:75), თუმცა ამის შემდეგ მეტოქემ გაქცევა მოახერხა და საბოლოოდ 81:86 წავაგეთ.

დაძაბული გამოდგა მატჩის ბოლო წამები: შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 12 წამით ადრე თსუ ოთხი ქულით აგებდა, გუნდის ამერიკელმა ლეგიონერმა, ტაირი ბოიკინმა სამქულიანი ჩააგდო და თან ბონუს საჯარიმოს სროლის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ სამწუხაროდ ააცილა, საპასუხო შეტევა კი გერმანელებმა შედეგიანად დაასრულეს და საბოლოოდ, 86:81 გაიმარჯვეს.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც 20 ქულა აიღო, აღსანიშნავია კახა ჯინჭარაძის ორმაგი დუბლიც – 14 ქულა, 11 მოხსნა. 19 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა ტაირი ბოიკინს.

თსუ მომდევნი შეხვედრას 25 ოქტომბერს თბილისში „კერავნოსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხოჭოლავა დაბრუნდა: ითამაშებს ოლდ ტრაფორდზე

კვარას ნაპოლიში გაბედნიერება მიულოცეს, თუმცა შაბათს ფეხბურთია