in

საქართველოს მეორე ჯგუფელი მსოფლიო ჩემპიონია: კალათბურთში პირველი გერმანიაა

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონი გახდა გერმანია. ფინალში გერმანელებმა სერბეთი დაამარცხეს – 83:77.

გერმანია არის გუნდი, რომელმაც ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოც დაამარცხა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. ძალისხმევა და იღბალი მერე დასჭირდა, როდესაც ლატვიამ კინაღამ ამოუქაჩა და ბოლო წამზე სამქულიანი რომ გაეშვა, ფინალს მხოლოდ სიზმარში თუ ნახავდა.

გერმანია ის გუნდია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა დაიმსახურა. ეს ძალიან შეკრული გუნდია, შემართული და მოგების მწყურვალე, ამიტომაც ეკუთვნის კიდეც ოქროს მედალი.

გერმანია ის გუნდია, სადაც დენის შრიოდერი თამაშობს. კალათბურთელი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია (28 ქულა).

გერმანია ის გუნდია, რომლის მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი ადრე საქართველოს ნაკრების თავკაცი იყო (2005-06).

ფილიპინების ქალაქ პასაიში გამართული ფინალი კი გამოვიდა ისეთი, როგორსაც ველოდით და როგორიც უნდა ყოფილიყო. ძალიან დაძაბული, დრამატული და მეტ-ნაკლებად მაინც თანაბარი. პირველი ტაიმი სულაც ფრედ დასრულდა – 47:47.

გერმანელებმა მესამე მეოთხედში ივარგეს და დასკვნით პერიოდამდე 12 ქულით გავიდნენ წინ. მეოთხე მეოთხედშიც კარგად მისდიოდა საქმე გერმანიას, თუმცა სერბეთი არ დანებდა, მეტადრე ავრამოვიჩი (21 ქულა), და სხვაობა 2-3 ქულამდე შეამცირა. მერე იყო ის, რაც მუდმივად ხდება ხოლმე – დაუმთავრებელი წუთშესვენებები, რამდენიმე წამის თამაშს წუთები რომ სჭირდება, ძალით აღებული ჯარიმები და 2 ქულიანი სხვაობა გერმანიამ საჯარიმოებიდან გაზარდა, სერბებს აღარ გაუმართლათ და…

გერმანია პირველად გახდა ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონი.

გერმანია – სერბეთი 83:77
23:26; 24:21; 22:10; 14:20

მატჩი მე-3 ადგილისთვის
აშშ – კანადა 118:127 ოვერტაიმი (25:34, 31:24, 26:33, 29:20, 7:16)
დილონ ბრუკსმა 39 ქულა და 7 სამქულიანი ჩააგდო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსელონას გეგმა: კვარაცხელია 2024 წელს

საქართველო ოსლოშია