in

დავით ნინიაშვილი: საქართველოსგან სიურპრიზებს უნდა ელოდონ

წლევანდელმა ზაფხულმა ქართული რაგბი სხვა სიმაღლეზე აიყვანა. მე, როგორც რაგბის თავგადაკლული გულშემატკივარი და ამ სპორტზე აქტიურად მომუშავე ჟურნალისტი, შორს ვარ აზრისგან, რომ ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს 6 ერში მიიღებენ, ან რაიმე ძირეულ ცვლილებებს განახორციელებენ და ამის ილუზია არც არავის უნდა ჰქონოდა, თუმცა, ფაქტია, დამტკიცდა შეგვიძლია Tier 1-ის გუნდების წინააღმდეგ თამაში. მთავარია, ნაკრებმა ეს სტაბილურობა შეინარჩუნოს და ასეთი მაღალი დონის მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზეც ვაჩვენოთ.

10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. 2022 წლის 10 ივლისს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” “ბორჯღალოსნებმა” არსებობის ისტორიაში პირველად დაამარცხეს Tier 1-ის გუნდი. საქართველომ იტალიას 28:19 მოუგო. ეს მატჩი თითოეული ქართველი მორაგბის თავგანწირული თამაშის დამსახურებაა, მაგრამ მაინც არის ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე, რომელმაც წლევანდელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ზაფხულის ტესტმატჩების გმირიც გახდა.

20 წლის დავით ნინიაშვილი, რომელიც ფრანგულ “ლიონს” სარაგბო კლუბ “ხვამლიდან” შეუერთდა. ალბათ, ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის პირბელი ლიგის გუნდიდან პატარა ბიჭი ასეთ დონეზე ითამაშებდა, მაგრამ დათუნამ პირველივე სეზონში დაიმკვიდრა ფრანგული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი, ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა და ჩელენჯ თასის გამარჯვებულიც გახდა. ფინალში “ლიონი” სწორედ მისი დუბლის ხარჯზე გავიდა. ასევე, წლევანდელ ზაფხულს ითამაშა არაოფიციალურ მსოფლიო ნაკრებში (“ბარბაროსები”). ზაფხულის ტესტებზე კი, ორი ლელო მიითვალა და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა. The guardian-მა ნინიაშვილი ივლისის ტესტების TOP 6 მორაგბეს შორის დაასახელა.

სარაგბო გამოცემა “ოვალური სამყარო” დავით ნინიაშვილს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

-დავით, უპირველეს ყოვლისა, გილოცავ წარმატებულ ზაფხულის ტესტსერიებს. საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო Tier 1-ის გუნდის დამარცხება. შენ კი, ამ მატჩებში ნამდვილად გამორჩეული იყავი. როგორ შეაფასებდი განვლილ მატჩებს?

დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა ველოდით ასეთ შედეგს. ძალიან ბევრი ვიშრომეთ თითოეულმა ჩვენგანმა, კარგად გქვონდა მეტოქის სუსტი წერტილები შესწავლილი. არ ვთვლი, რომ ამ მატჩში განსაკუთრებულად გამორჩეული ვიყავი. ის გავაკეთე, რაც მევალებოდა და ყოველთვის ამას ვცდილობ მოედანზე ჩემი მაქსიმუმი გავიღო გუნდის წარმატებისთვის. იტალიასთან მატჩში ყველა გამორჩეული იყო მოედანზე, ყველამ საუცხოო მატჩი ჩაატარა და 23 მორაგბის თავგანწირულმა, გუნდურმა სულისკვეთებამ მოიტანა ეს გამარჯვება და არა ვინმეს ინდივიდუალიზმმა.

იტალიასთან მატჩი ყველამ ვიცით, რომ ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის და მთლიანად ქართული სარაგბო სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება იყო. ამ მატჩის წინ, ალბათ გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხიც იყო.

ძალიან დიდი იყო მოლოდინი ამ მატჩისადმი. დიდი ხანი ველოდებოდით და სრულად ამ შეხვედრაზე ვიყავით კონცენტრირებული. ყველას ერთი მიზანი გვქონდა დასახული და როცა მთელი გუნდი ერთი მიზნისთვის ერთიანდება და არცერთი არ იშურებს მის მისაღწევად თავს, ამ მიზნის მიღწევაც იოლია.

გულშემატკივრების შესახებაც აუცილებლად მინდა გკითხოთ. მთელი 80 წუთის განმავლობაში გულშემატკივრები არ გაჩერებულან და ფაქტიურად “დაინგრა” ტრიბუნები.

მოედანზე, როდესაც გამოვედით და ჰიმნი ყველამ ერთად შევასრულეთ, მაშინ ვიგრძენი, რომ დღეს მთელი საქართველო ჩვენთან ერთად იბრძოდა. ამ მატჩის მოსაგებად. მართლა, მე-16 მოთამაშე იყო გულშემატკივარი და მათი დიდი წვლილია ამ შეხვედრის მოგებაში.

იტალიასთან გამარჯვებამ საქართველოს ნაკრები სხვა სიმაღლეზე აიყვანა, თამასა მაღლაა აწეული და რა თქმა უნდა მოლოდინიც დიდია. ერთ წელიწადში მოდის მსოფლიო ჩემპიონატი, მთავარი სარაგბო ფორუმი. მსოფლიოზე რას უნდა ელოდოს გულშემატკივარი “ბორჯღალოსნებისგან”?

მართალი ხართ, თამასა მაღლაა აწეული და ჩვენგან ყველა მაღალი დონის თამაშებს ელის. მნიშვნელობა არ აქვს რა დონის გუნდთან გვაქვს თამაში, ყოველთვის მოგებაზე ვფიქრობ. გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ საქართველოს ნაკრებისგან ნებისმიერუ გუნდი სიურპრიზებს უნდა ელოდოს.

იტალიასთან მატჩის გარდა, კიდევ ორი მატჩი ჩავატარეთ -არგენტინა XV (მზარდი არგენტინა) და პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ. არგენტინელებთან მატჩი დამაჯერებლად მიგვყავდა, მაგრამ ბოლოსკენ იქმნებოდა შთაბეჭდიება, რომ ნაკრები იტალიაზე ფიქრობდა და ამან განაპირობა ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით.

შესაძლოა ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რადგან შეკრების დაწყების დღიდან იტალიისთვის იყო მთავარი სამზადისი. საბედნიეროდ, ეს მატჩის მოვიგეთ და პორტუგალიელების დამარცხებაც შევძელით.

ახლა, შენს საკლუბო კარიერაზეც გკითხავ. “ლიონში” პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქეცი. ჩელენჯ თასის გამარჯვებულიც გახდი.

ნებისმიერი სპორტსმენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობას. ვგრძნობდი, რომ გუნდში მენდობოდნენ და ამან დიდი სტიმული მომცა. ასევე, “ლიონში” ბექა საღინაძეცაა და ბექასთან ერთად ყოფნამ ადაპტაციის პროცესი უფრო მარტივი გახადა. კარგი სეზონი გვქონდა და ბედნიერი ვარ, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანე.

გაუქმებული ლელო ჩელენჯ თასის ფინალში.

გაუქმებული ლელო, მითუმეტეს ფინალში, საწყენია, მაგრამ ამ ეპიზოდს რაღაც გულისწყვეტით არ ვიხსენებ. ასეთი მომენტებიც საჭიროა, რომ ასეთ ეპიზოდებზე ვისწავლო და სამომავლოდ აღარ დავუშვა ასეთი შეცდომები. გასახდელში მწვრთნელისგანაც და გუნდელებისგან დიდი თანადგომა ვიგრძენი ამ ეპიზოდის შემდეგ. ყველა მეუბნებოდა, რომ მე მაინც დავდებ უფრო მნიშვნელოვან ლელოებს.

მშობლიური კლუბი ხვამლი

“ხვამლი” ჩემი მშობლიური კლუბია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა. ამ გუნდში ჩამოვყალიბდი მორაგბედ და პიროვნებად. დიდი მადლობა მთავარ მწვრთნელს დავით ცხვედიანს და კლუბში დასაქმებულ თითოეულ მწვრთნელს და პერსონალს. ამ გუნდის ყოველთვის მადლობელი ვიქნები.

თუ გსურთ მუდმივად იყოთ ქართული და მსოფლიო რაგბის სიახლეების საქმის ყურში. იხილოთ საინტერესო ინტერვიუები და სიახლეები გამოიწერეთ ჩვენი instagram გვერდი და გამოგვყევი

https://www.instagram.com/oval.world/ გამოიწერე

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: კრიშტიანოს ბიჭი რეალის ახალი ფორმით ნახეს – რას უნდა ნიშნავდეს

ჩვენებმა სლოვანს მოაგებინეს: ვაისის შეცვლები, კაშიას გოლი და ჩაკვეს პასი