სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველი ფეხბურთელებიც იცვლიან კლუბებს. რამდენიმე მათგანი უცხოეთშიც ახერხებს გასვლას.
გორის „დილა“ დატოვეს გიორგი ივანიაძემ და თამაზ მაქაცარიამ.
ივანიაძე კარიერას ყაზახეთში, პეტროპავლოვსკის „ყიზილჯარში“ გააგრძელებს.
ეს ინფორმაცია ყაზახურმა კლუბმაც დაადასტურა და ქართველი შემტევი უკვე წარადგინა კიდეც. გიორგი22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ივანიაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.
აღსანიშნავია, რომ „ყიზილჯარში“ ორი კვირის წინ ბათუმის „დინამოდან“გუჯა ლობჯანიძეც ჩაირიცხა.
თამაზ მაქაცარია კარიერას უზბეკეთში, ფერგანას „ნეფთჩიში“ გააგრძელებს.
26 წლის თავდამსხმელი წელს „გაგრადან“ „დილაში“ გადავიდა და ახლა გუნდი დატოვა. მაქაცარიას „დილასთან“ ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა, მაგრამ ხელშეკრულება გაწყვიტა და ერთი თვე თავისუფალი აგენტი იყო.
„ნეფთჩის“ 13 ტურის შემდეგ 11 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.
აზერბაიჯანში წავიდა იმედა აშორტია. ის თოვუზის „თურანმა“ წარადგინა. ქართველმა თავდამსხმელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აშორტია 25 წლისაა და ბოლოს „თელავში“ თამაშობდა.
აზერბაიჯანში წელს საკმაოდ წავიდნენ ჩვენები – საბა კვირკველია (ბაქოს „ნეფთჩი“), ფირუზ მარაქველიძე (ასევე „თურანი“), გიორგი ქანთარია, („ქიაფაზი“).
გარდა ამისა, „ყარაბაღმა“ „იაგელონიიდან“ გამოისყიდა ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი, „ზირადან“ წასული დავით ვოლკოვი კი „საბახში“ ჩაირიცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings