საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომლითაც ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, ცნობილია. ბერძენმა სპეციალისტმა ნაკრებში დარჩენილი 15 მოთამაშიდან 12 შეარჩია.
ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – მანუჩარ მარკოიშვილმა და ანატოლი ბოისამ იაპონიაში გასამგზავრებლად შემდეგ 12 კალათბურთელი დაასახელეს:
გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მიხეილ ბერიშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე და გიორგი ტურძილაძე.
შესაბამისად, შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ – ბექა ბექაური, ლევან გოგიჩაიშვილი და დავით კაკუშაძე.
საქართველოს ნაკრები იაპონიაში დღეს, დილის 11:00 საათზე გაემგზავრა. ჩვენი ნაკრები ტოკიოში სტამბოლის ტრანზიტით ჩაფრინდება, საიდანაც კუნძულ ოკინავაზე 3-საათიანი ფრენის შემდეგ ჩავა. ჩვენი ნაკრები იაპონიისკენ სასაათო სარტყელის საწინააღმდეგოდ იმგზავრებს და დანიშნულების ადგილზე რომ ჩავა, 18 აგვისტოს საღამო იქნება. შესაბამისად, ჩვენი ნაკრების ვარჯიშები 19 აგვისტოდან დაიწყება, ხოლო 22-ში ილიას ზუროსის გუნდს ბოლო საკონტროლო მატჩი ელის მსოფლიო რეიტინგის მე-4 ადგილზე მყოფ ავსტრალიასთან.
ოკინავაში მსოფლიო თასის მეორე ჯგუფში საქართველო, სლოვენია, ვენესუელა და კაბო- ვერდე ითამაშებენ. ჩვენი ნაკრები 26 აგვისტოს აფრიკის წარმომადგენელ კაბოვერდელებს შეხვდება, 28-ში ფავორიტად მიჩნეულ სლოვენიას დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში სამხრეთამერიკულ ვენესუელას.
მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის თვალის დევნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეგეძლებათ.
GIPHY App Key not set. Please check settings