in

ევროპული დილა მთავრდება: გორი რაღაცას მოიფიქრებს – ვიდეო

გორის „დილას“ მეტი აღარ ეყო: ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა (თანაც არც თუ ხელწამოსაკრავ მეტოქეებთან) გორული გუნდისთვის ისედაც მშვენიერი მიღწევაა. კიდევ ერთი ბარიერის დაძლევა კი, როგორც ჩანს, ვეღარ მოხერხდება – „დილამ“ საშინაო შეხვედრა 0:2 დათმო კვიპროსის აპოელ-თან და მეტოქეს განმეორებითი მატჩის წინ დიდი შეღავათი მისცა.

„დილა“ თავიდან ცუდი არ ყოფილა, უპირატესობის მოპოვებასაც შეეცადა, არა 100%-იანი, მაგრამ მაინც ხიფათიც შექმნა, თუმცა გოლის იმედი მეორე ტაიმისთვის რომ გადადო, მაშინ გაუთვალისწინებელი და შესაძლოა საბედისწერო რამ მოხდა – მსაჯის მიერ წამატებულ ერთადერთ წუთზე დაცვაში გაუგებრობას, უწყინარ ვითარებაში გაშვებული გოლი მოჰყვა: ქვილითაიმ ეფექტურად დაარტყა, ჩვენმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ მარტო დარჩენილმა კრესპომ ახლოდან გაიტანა.

მეორე ტაიმში აპოელ კარგი იყო. ჩვენებმა ჯარიმიდან გაუშვეს მეორე ბუღთი, როდესაც მეკარე აშკარად შეცდა. „დილამ“ შეტევაში ბევრი სახეირო ვერაფერი მოახერხა და იმედი ვიქონიოთ, რომ კვიპროსზე ჩვენი ფეხბურთელები მთლად ტურისტებად არ ჩავლენ. მით უმეტეს, გავიხსენოთ, რომ „დილა“ წინა ორ ეტაპზე პირველი თამაშები წააგო და მერე მოატრიალა.

გავიხსენოთ 2012 წლის აგვისტო. „დილამ“ კიდევ ერთ კვიპროსულ გუნდთან „ანორთოსისთან“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი თამაში თბილისში წააგო, სტუმრად კი იშვიათი რამ ჩაიდინა – 3:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზეც გავიდა.

კონფერენსლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

დილა (გორი, საქართველო) – აპოელ (ნიქოზია, კვიპროსი) 0:2
10.08. თბილისი. დინამო არენა
გოლები: 0:1 კრესპო (45+1), 0:2 ეფრემი (64)

დილა: კუჩერენკო – ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, ეტუ, ვანდერსონ სილვა – ფარულავა (66. სარდალიშვილი), ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი – გეილი, გომისი (85. მზვაკალი), კოვტალიუკი (66. ს. კუხიანიძე)
სათადარიგოები: ჩიკაშუა, ოდიკაძე – ანდრონიკაშვილი, ასამოა, გაფრინდაშვილი
მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

აპოელ: ბელეცი – კრესპო (46. პეტროვიჩი), კოსტადინოვი, დვალი – ჩებაკე, ფეტფაციდისი (58. ვილიაფანიესი), სარფო (58. უილსონი), სუშიჩი – დალსიო, მარკინიოსი (58. ეფრემი), ქვილითაია (74. ტომანე)

გაფრთხილება: კრესპო (32), კოსტადინოვი (55), ეტუ (63)
გაძევება: ეტუ (87)
არბიტრი: ჟ. საბოტიჩი (ლუქსემბურგი)

მატჩი შეაფასა „დილას“ მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ:
„ასეთი თამაშების წაგება სასიამოვნო არაა. აპოელ თავს ძალიან კარგად იცავდა, მეკარემ ძალიან მაგარი ბურთები აიღო. უნდა შევაქო მეტოქე, ზონები გადაკეტეს. მომენტები მაინც გვქონდა, თუმცა ფინიშის დროს საშემსრულებლო ოსტატობა დაგვაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, სამწუხაროდ, ორივე გოლი საკუთარ კარში გავიტანეთ და წაგების გამო განსაკუთრებით იმედგაცრუებული ამიტომ ვარ. ჩვენ რობოტები არ ვართ, ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ განტევების ვაცი არ მოეძებნათ და ერთ ოჯახად დავრჩენილიყავით. აპოელ-მა თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენი კაპიტანი გააძევეს. იქამდე, მათგან განსაკუთრებული ხიფათი არ მოდიოდა.

პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად კარგად ვითამაშეთ, აპოელ ცენტრს აქეთ 4-5-ჯერ გადმოვიდა და ორი გოლი გაგვიტანეს. მათ მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. სტანდარტულებზე უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ, რადგან ორივე ბურთი სტანდარტების შემდეგ გავუშვით. სამწუხაროა, რომ სანტოსი საპასუხო შეხვედრაში არ იქნება, მაგრამ ყურების ჩამოყრას არ ვაპირებთ. წინა ეტაპებზეც პირველ მატჩებში დავმარცხდით, თუმცა დუელის ბედი ჩვენ სასარგებლოდ შემოვატრიალეთ. ვეცდებით, საგარეო შეხვედრისთვის რაღაც მოვიფიქროთ და ვეცადოთ, რომ თამაში მოვიგოთ.

„ვორსკლას“ წინააღმდეგაც მეორე ტაიმის ბოლოს კარგად არ გვითამაშია, რადგან დავიღალეთ და ორი ბურთი გავუშვით. შესაძლოა, ამინდმაც იმოქმედა, მაგრამ იმას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ დიდი რესურსი არ გაგვაჩნია, მოკლე სკამი გვაქვს. თუმცა, რაც არის, იმის მიხედვით უნდა ვითამაშოთ. საპასუხო მატჩებში ვაჩვენეთ, რომ ძალები გვაქვს, თამაშების მოგება შეგვიძლია, მაღალ დონეზე თამაში. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებ და იმედი მაქვს, რომ კვიპროსში ასეთი სიცხე არ იქნება, საწყისი წუთებიდან ენერგიას ასე არ დავხარჯავთ.

შანსები ყოველთვის არის და რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებთ. უნდა ვთქვა, რომ როცა მეტოქის თამაშს სხვადასხვა პლატფორმაზე სწავლობ, ეს სრულ სურათს არ გვაძლევს. მოწინააღმდეგე საქმეში ვიხილეთ და მათ შეხვედრას უკეთ გავაანალიზებთ, ჩვენს შეცდომებს, რა უნდა შევცვალოთ. როცა „ვორსკლას“ თამაში ვნახეთ, სხვა წარმოდგენა შეგვექმნა, ხოლო როცა მათ წინააღმდეგ ჩავატარეთ მატჩი, სულ სხვა. ის თამაში გავაანალიზეთ და საინტერესო რაღაცები მოვიფიქრეთ. ვეცდებით, აპოელ-ის წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრაშიც იგივე გავაკეთოთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრობასკეტის შესარჩევში საქართველოს მეტოქეები ცნობილია: ჩვენი ჯგუფიდნ ერთი უკვე გასულია

ვალენსიამ მოგებით დაიწყო, ბოლოს მამარდამ გადაარჩინა