საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს და ლიეტუვასთან სასწაულებრივ მობრუნებული მატჩის შემდეგ, ლატვიას ესტუმრა, არც თუ დამაჯერებელი და ხარისხიანი კალათბურთი აჩვენა და დამსახურებულად წააგო დიდი სხვაობით – 57:82.
ამხანაგურებია, შედეგს მნიშვნელობა არ აქვს და ა.შ. ვიძახდით, როდესაც ნაკრები ერთმანეთის მიყოლებით აგებდა ყველაფერს საშინაო ევრობასკეტის წინ და ვნახეთ კიდეც რა შედეგი მოიტანა ამან. ახლაც იგივეს განმეორებამ ისევ ცუდად არ იმოქმედოს.
მოკლედ, რაღაც მისახედია.
საქართველომ მესამე ამხანაგური მატჩი წააგო.
ლატვიასთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 14-მა კალათბურთელმა. გოგა ბითაძე მცირე ტრავმის გამო კვლავ ისვენებდა. სამწვრთნელო შტაბს შანსი მიეცა საქმეში ენახა გუნდის ახალწვეულები, ასევე ლატვიური სპარინგი შესათამაშებლად და კომბინაციების დასამუშავებლად გამოეყენებინა.
საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა პირველ პერიოდში, რომელიც 20:19 მოიგო, მეორეს შუამდეც ფლობდა ლიდერობას, თუმცა მერე მასპინძლებმა ჩაიგდეს ხელში ინიციატივა და წავიდა და წავიდა. არადა, არ დაგვავიწყდეს, ლატვიას ლიდერები აკლდა – კრისტაფ პორზინგისი, იანის ტიიმა, დავიდ ბერტანსი.
ლატვიამ პერიმეტრიც აიღო და ფარიც. 14-ჯერ მოხსნა ბურთი ჩვენს ფარზე სამწამიანში კი მაქსიმალურად ზღუდავდნენ შენგელიას და მამუკელაშვილს, რომლებმაც პერიმეტრზე აიწიეს და ამით მასპინძლები ნაკლებ საფრთხეს გრძნობდნენ. სამწამიანში შედეგიანი იყო შერმადინი, მაგრამ მასთან ბურთი მეტოქის კარგი დაცვის მიზეზით ხშირად ვერ მიდიოდა.
სწორედ შერმადინს დაუგროვდა საუკეთესო სტატისტიკა – 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. თორნიკე შენგელიამ 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ითამაშა ლუკა ლიკლიკაძემ (13 წუთზე მეტი), გამოჩდნენ ახალბედები დავით კაკუშაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.
ახლა საქართველოს ნაკრებს თბილისის საერთაშორისო ტურნირი ელოდება – 12 და 13 აგვისტოს ითამაშებს, ხოლო 14-ში ირანს დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში შეხვდება.
ლატვია – საქართველო 82:57
19:20, 26:19, 20:10, 17:8
ლატვია: კურუცსი (5ქ), მეიერსი (10ქ), დაირის ბერტანსი (8ქ), შმიტსი (10ქ), ტრაუტინში (6ქ, 3პ), ჩავარსი (1ქ, 6მ), შკელე (16ქ, 5მ, 3პ), გრაჟულისი (4ქ), შტეინბერგი, ლეიმანისი, კურუცსი (5ქ), ჟაგარსი (7ქ, 5პ), ჟორიქსი (10ქ, 3პ).
საქართველო: კაკუშაძე (2ქ), ანდრონიკაშვილი (3ქ, 3პ), მამუკელაშვილი (7ქ, 9მ), ჯინჭარაძე, ლიკლიკაძე, ცინცაძე (6ქ), შერმადინი (14ქ, 7მ), სანაძე (6ქ), ტურძილაძე (4ქ), ბერიშვილი, შენგელია (11ქ, 3პ), გოგიჩაიშვილი, მაკფადენი (4ქ), ბექაური.
GIPHY App Key not set. Please check settings