გორის „დილა“ შესანიშნავად თამაშობს ევროპაში. გუნდმა უკვე მეორე ძლიერი მეტოქე მოიშორა და კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა. არადა, წილისყრის შემდეგ, „ვორსკლა“ კმაყოფილი იყო, ყველაზე მარტივად დასამარცხებელი მეტოქე შეგვხვდაო. ვინც გამოვიდა დამარცხებული კარგად დავინახეთ.
დილაო ჰოუ დილაო: გორი რჩება ევროპაში, გორი არის საქართველო
მატჩის შემდეგ თამაში და წარმატება „დილას“ მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ შეაფასა:
„თამაშს თავიდანვე ვაკონტროლებდით, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ გატანას ვერ ვახერხებდით. ტაიმის ბოლოს შევაგდეთ და ამან თავდაჯერება შეგვმატა. ვირწმუნეთ, რომ მოგება შეგვეძლო ყოველგვარი დამატებითი დროის გარეშე.
„ვორსკლამ“ სცადა ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება. გამოცდილებით ვიცი, რომ როცა მეტოქე ასე თამაშობს, უჭირს ბოლომდე სივრცეების ჩაკეტვა.
კარგია, რომ გვქონდა მომენტები და საბოლოოდ ისინი გამოვიყენეთ.
მთელი შეხვედრის განმავლობაში ვთამაშობდით პრესინგს და ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ მეტოქის ფეხბურთელებს არ ჰქონოდათ ფიქრის დრო.
ბურთსაც სწრაფად ვიბრუნებდით. შეიძლება ითქვას, ჩვენმა გეგმამ იმუშავა. შევძელით გოლების გატანა, მცველებმა კი შეტევების განეიტრალება. იყო ეპიზოდი, როცა შედარებით გაგვიჭირდა, მაგრამ თამაშზე კონტროლი მალევე დავიბრუნეთ.
ზოგადად „ვორსკლა“ ხშირად ცვლის ტაქტიკას თამაშის მიმდინარეობისას, პირველ შეხვედრაში ეს მოულოდნელი იყო, დღეს კი გაანალიზებული გვქონდა ყველაფერი და ეს ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ. მოწინააღმდეგემ დიდი ენერგია დახარჯა პერსონალურ ორთაბრძოლებში.
რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქეს, კვიპროსის აპოელ-ს, ეს არის კარგი გუნდი, რომელსაც აქვს დიდი ბიუჯეტი და ძალიან საინტერესო იქნება მათთან შეხვედრა.
ორნახევარი წელიწადია „დილაში“ ვმუშაობ და შედეგებს ახლა ვიმკი. ფეხბურთელებს უკეთესად ესმით ჩემი იდეები. საქართველოში საქმეები კარგად მიმდის. ახლა მხოლოდ „დილაზე“ ვარ კონცენტრირებული. თუ ევროპიდან იქნება წინადადება, კლუბთან და ოჯახთან ერთად განვიხილავ ყველაფერს.
საქართველოში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემი შვილი აქ თამაშობს ფეხბურთს, აქ სწავლობს… „დილაში“ ძალიან კომფორტულად ვარ. ყველაფერი მომწონს აქ“.
GIPHY App Key not set. Please check settings