in

დინამომ თამაში დამთავრებულზე წააგო – ვიდეო

მსაჯმა მატჩს 7 წუთი დაამატა. ეს 7 წუთი გავიდა, არბიტრმა ცენტრისკენ გაიხედა, ჩასასტვენად მოემზადა და უცებ შეამჩნია, რომ მასპინძელთა შეტევა გრძელდებოდა და დასრულების საშუალება მისცა. მასპინძლებმა კი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდეს, იქ დასწრებაზე მცველს მბონგიმ აჯობა, ბურთი შორეულ კუთხეში გადაგზავნა და თავისიანებს გამარჯვება ასე მოულოდნელად მოუტანა – 2:1.

აი ასე უიღბლოდ დამთავრდა კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის მატჩი თბილისის „დინამოსთვის“ მალტაზე, იქაურ „ჰამრუნ სპარტანსთან“. რასაკვირველია, ამით ყველაფერი არ მთავრდება, განმეორებითი თამაში თბილისშია და მოგების შანსიც დიდია, მაგრამ წაგება მალტაზე ჩვენს ჩემპიონს მაინც არ ჩაეთვლება აქტივში.

კონფერენს ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

ჰამრუნ სპარტანსი (მალტა) – დინამო (თბილისი, საქართველო) 2:1
25.07. ვალეტა. ტა ქალი
0:1 მარუშიჩი (60. ტაბიძის პასით), 1:1 მბონგი (81), 2:1 მბონგი (90+8. კამენზულის პასით)

დინამო: ლორია – მაისურაძე (69. ოსიყმაშვილი), ხვადაგიანი, ტაბიძე (69. მალი), კალანდაძე – ხარაიშვილი, მექვაბიშვილი – ოსეი (87. მოისწრაფიშვილი), იმრანი (69. მარგველაშვილი), კამარა – სხირტლაძე (54. მარუშიჩი)
სათადარიგოები: კერესელიძე – იობაშვილი, კობოური, ლაკვეხელიანი, ოდიშარია
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: ტაბიძე (13), ფრეიტაში (40), ედერი (59), ჯურანოვიჩი (67), იმრანი (69), პრშა (74), მარგველაშვილი (80), ჯონი (90+2)

არბიტრი: მ. გიგოვიჩი (ბოსნია)

პირველ ტაიმში დაბალი ტემპი იყო და უფანტაზიო თამაშში შესაბამისად მომენტებიც არ იქმნებოდა. მცირე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებიც პრესინგს ცდილობდნენ, ხოლო თბილისელთა შეტევბს მარტივად აბათილებდნენ.

მეორე ტაიმი „დინამომ“ აქტიურად დაიწყო და საგოლე მომენტიც შექმნა. 51-ე წუთზე სხირტლაძემ მეკარესთან პირისპირ ოსეი დატოვა, მაგრამ მან შესანიშნავი შანსით ვერ ისარგებლა. ამ პასის დროს სხირტლაძე დაშავდა და გასაყვანი გახდა, ის მარუშიჩმა შეცვალა. სწორედ სერბმა ლეგიონერმა გაიტანა გოლი ძალიან მალე: მე-60 წუთზე ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და „დინამო“ დააწინაურა.

„ჰამრუნმა“ ამის შემდეგ დიდი ძალებით შეუტია და ორი მომენტიც შექმნა, ჩვენებს კი 66-ე წუთზე შეეძლოთ კიდევ გატანა: მექვაბიშვილმა კარის წინ მარუშიჩს მიაწოდა, რომელმაც ბურთი ძელს მოარტყა.

81-ე წუთზე მალტელებმა სახიფათო ჯარიმა მოიპოვეს, რომელიც ჯოზეფ მბონგის გოლით დასრულდა – 1:1.

„დინამოს“ მოგება შეეძლო. 88-ე წუთზე პირისპირ დარჩენილმა კამარამ მეკარეს ვერ აჯობა, მალე კი მარუშიჩმა თავით ბურთი ძელს მოარტყა. სერბი 90+5-ე წუთზე კვლავ კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ მიზანს ააცილა.

შემდეგ იყო ის, რაც დასაწყისში ვახსენეთ.

განმეორებითი მატჩი „დინამო არენაზე“ 3 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება.
ამ წყვილში გამარჯვებული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფერენცვაროშისა“ და ირლანდიური „შემროკ როვერსის“ წყვილის (პირველი მატჩი ხვალ გაიმართება უნგრეთში) გამარჯვებულს 10 და 17 აგვისტოს შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აუ რა ბევრია: საუდელები ტრანსფერებისთვის თითქმის 20 მილიარდს დახარჯავენ

ბევრი შეცდომა დავუშვი, თბილისში უნდა გამოვასწორო