შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონი – თსუ. წილისყრამ მას მეტოქედ პორტუგალიის „ბენფიკა“ არგუნა. ლისაბონელებს ქვეყნის ჩემპიონატი 29-ჯერ აქვთ მოგებული, ქვეყნის თასი – 23-ჯერ.
თსუ-მ გასულ სეზონში დუბლი შეასრულა. ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს თასიც მოიგო და სეზონი ჩემპიონობით დააგვირგვინა.
თსუ-სა და „ბენფიკას“ შეხვედრა თურქეთის ქალაქ ანტალიაში სექტემბრის ბოლოს გაიმართება. ზუსტი თარიღი 14 ივლისამდე გამოცხადდება.
წილისყრის დასასრულს ერთმანეთს შეხვდნენ თსუ-ს საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტი, ჩემპიონთა ლიგის აღმასრულებელი დირექტორი და კონკურენტი გუნდის გენერალური მენეჯერი.
ჩემპიონთა ლიგაში ევროპის 32 კლუბი იასპარეზებს, საიდანაც 29 ადგილი შევსებულია და 3 ადგილისთვის 24 კლუბი, მათ შორის თსუ იბრძოლებს.
ის გუნდები, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩემპიონთა ლიგაში ვერ გადავლენ, ასპარეზობას ფიბა ევროპის თასზე გააგრძელებენ.
ქართული საკალათბურთო კლუბი ევროსარბიელზე 5-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
ბოლოს, საქართველოდან ევროტურნირზე 5 წლის წინ, 2017-2018 წლების სეზონში თბილისის „დინამომ“ ითამაშა, რომელმაც სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან დაიწყო, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა და ერთი საფეხურით დაბლა მყოფ ევროპის თასზე გადაინაცვლა. დინამოელებმა ჯგუფურ ეტაპზე გამართული 6 მატჩიდან გამარჯვება ვერ მოიპოვეს, რის შემდეგაც საქართველოს ევროტურნირებზე წარმომადგენელი არ ჰყოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings