რა გვჭირს: ჯერ იყო და პანდემიის დროს ერთ საშინაო მატჩში ჩრდ მაკედონიას ვერ მოვუგეთ და ევროპის ჩემპიონატზე ვერ წავედით, ახლა ურთულეს ჯგუფში, ძალიან ძლიერ გუნდებთან პირველ ადგილი დავიკავეთ და ასევე ძალიან კარგ ისრაელთან, მაგრამ მაინც მოსაგებ თამაშში ვერ მოვიგეთ, როდესაც ერთი ნაბიჯი რჩებოდა სანუკვარ მიზნამდე – ოლიმპიურ თამაშებამდე.
რთული სათქმელი რა მოხდა: მეტი წნეხი იყო პლეი-ოფის გამო, გადაიღალნენ ემოციურად და ფსიქოლოგიურად, ჯობდა ტაქტიკური ცვლილება, თამაში არ წაუვიდა რამდენიმე ფეხბურთელს თუ რა იყო, მაგრამ ფაქტია – ისრაელს ვერ მოვუგეთ. საქართველომ ამ ჩემპიონატში პირველად ვერ გაიტანა გოლი და აგერ შედეგიც.
თამაშის შემდეგ გულშემატკივარი მაინც ამხნევებდა ფეხბურთელებს, მაგრამ დაგეგმილი ზეიმი არ შედგა. არადა, იყო უდიდესი მოლოდინი და ბევრს ფინალისკენაც გაურბოდა თვალი. სამწუხაროდ, გადაგვედო. ვინც იცის რამდენი ხნით…
ევრო 2023. 1/4 ფინალი
საქართველო – ისრაელი 0:0, პენ 3:4
01.07. თბილისი. დინამო არენა. 44 348 მაყურებელი
პენალტების სერია: 1:0 აზაროვი, 1:1 კოენი, 2:1 დავითაშვილი, 2:2 განდელმანი, 2:2 გაგუა (მეკარე), 2:3 ხალაილი, 3:3 მოისწრაფიშვილი, 3:4 გლუხი, 3:4 ხვადაგიანი (ძელი)
საქართველო: მამარდაშვილი – საზონოვი, გელაშვილი (46. ხვადაგიანი), კალანდაძე, აზაროვი – წიტაიშვილი (70. მოისწრაფიშვილი), მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე (97. გულიაშვილი), გოჩოლეიშვილი – დავითაშვილი – გაგუა
ისრაელი: პერეტცი – ლემკინი, განდელმანი, კოენი – ჯაბერი (106. ხალაილი), კარცევი (51. ჰოფმაისტერი), გლუხი, აზულაი (80. ბილევი), ჰაგაგი (91. მორგანი) – გურნო (63. ლაიუსი), ტურგემანი (113. აბუ რუმი)
არბიტრი: ე. ესკასი (ნორვეგია)
თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და საკმაოდ თანაბარი გამოდგა. მომენტები სტუმრებმაც შექმნეს, თუმცა ცხადია მათ ისეთივე უპირატესობა აღარ ჰქონდათ, როგორც ჩვენს წინა მეტოქეებს.
ჩვენებმა კი მოახერხეს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სახიფათო მომენტების შექმნა ჭირდა და უფრო გამწვავებებს და ნახევრად მომენტებს ჰქონდა ადგილი.
მეორე ნახევარიც დიდად არ განსხვავდებოდა. ჩვენც გვეჭირა ბურთი და ვცდილობდით ხეირს და ისრაელსაც ჰქონდა მომენტები, მაგრამ მამარდაშვილი ძალიან ყოჩაღად იდგა კარში და ყველაფერი მოიგერია.
საერთო ჯამში მეორე ტაიმი ჩვენი უფრო იყო, მაყურებელიც ძალიან ხმაურობდა, ქომაგებთან ერთად ტრიბუნებიც მღეროდა და ემოციურ მუხტზე ბიჭებიც ცდილობდნენ შეტევებს. სამწუხაროდ, გოლს ესეც არ ეყო.
გუნდებმა დამატებით დროშიც ვერ მოახერხეს გატანა, სიფრთხილე მაინც თავისას შვრებოდა და დაინიშნა პენალტების სერია…
4-ვე პენალტი ერთ კუთხეში გაუტანეს მამარდას, რომელმაც პირველი ორი კინაღამ აიღო. ჩვენგან ჯერ გაგუამ დაარტყა უნიათოდ და მეკარემ პირდაპირ ხელში დაიჭირა, ბოლო მეხუთე დარტყმა კი ძელს მოარტყა ხვადაგიანმა და ისრაელელი ფეხბურთელები და სტაფი იმ ტრიბუნისკენ გაქანდნენ, სადაც მათი მცირერიცხოვანი ქომაგი ეგულებოდათ… კიდევ ნახევარფინალისკენ და ოლიმპიური თამაშებისკენ…
GIPHY App Key not set. Please check settings