შაბათს, 24 ივნისს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე უკრაინამ რუმინეთი დაამარცხა (1:0) და ამით მასპინძლებს პლეი-ოფში გასვლის შანსი მოუსპო.
რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ იჩივლა და საბაბად ფიფას რეგლამენტის შესაძლო დარღვევა მოიყვანა. მიზეზი – პირველ მატჩში ხორვატიასთან უკრაინელი მეკარე ანატოლი ტრუბინისა და ნახევარმცველ გეორგი სუდაკოვის მონაწილეობაა. ორივე მათგანმა მანამდე ეროვნულ გუნდში ითამაშა.
რა მოხდა?
ორშაბათი, 19 ივნისი: უკრაინის ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევში მალტას უგებს (1:0), ტრუბინი და სუდაკოვი სრულ მატჩს ატარებენ.
ოთხშაბათი, 21 ივნისი: უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები პირველ მატჩში ხორვატიას ამარცხებს (2:0). ტრუბინი 90 წუთს თამაშობს, სუდაკოვი 83-ე წუთზე შედის.
რუმინული მხარე ამ ორ მატჩს შორის არასკმარის დროზე უთითებს და ფიფას რეგლამენტის პირველი სტატიის მე-4 პუნქტს ეყრდნობა, სადაც ნათქვამია, რომ ნაკრები გუნდების მატჩებს შორის „მინიმუმ ორი სრული კალენდარული დღე (მაგ: ხუთშაბათი/კვირა ან შაბათი/სამშაბათი) უნდა იყოს გასული“.
მიუხედავად იმისა, რომ მალტასთან და ხორვატიასთან მატჩებს შორის ზუსტად 48 საათი გავიდა, კალენდარული დღეების პუნქტი არ ყოფილა დაცული.
რუმინეთმა საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. ვლადიმირ სკრეჩუმ 19 ივნისს ევროს საკვალიფიკაციოში ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. ფედერაციმ უეფას მიმართა იმის გასარკვევად შეეძლო თუ არა ამ ფეხბურთელს ესპანეთთან თამაში 21 ივნისს. უეფამ ფიფაში გადაამისამართა, სადაც უთხრეს, რომ თუ ფეხბურთელი ორშაბათს პირველ ნაკრებში თამაშობდა, ოთხშაბათს U21-ში ვეღარ გამოიყენებდნენ.
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის რუსლან როტანის კომენტარი: „ჩვენ კლუბებსა და უეფას წერილები გავუგზავნეთ და გვიპასუხეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი კლუბებთანაა საჭირო. ამიტომ საქმის კურსში კლუბები ჩავაყენეთ, გავესაუბრეთ ექიმებს, ბიჭებს, ყველაფერი გავაანალიზეთ და ისე მოვიქეცით, როგორც საჭიროდ ჩავთვალეთ. მათ ძალიან უნდოდათ თამაში. ასევე ძალიან უნდოდათ თამაში მუდრიკსა და ვანატს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობამ მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა. დიახ, ჩვენ შესაბამისი დოკუმენტები კლუბებში გავაგზავნეთ და უეფას ვკითხეთ“.
საქართველოს მსგავსი სიტუაცია აქვს
ეს ამბავი ჩვენთვისაც აქტუალური ხდება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 21 ივნისს პორტუგალიასთან ითამაშეს ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა. ორივე მათგანმა მონაწილეობა მიიღო 19 ივნისს შოტლანდიასთან ეროვნული ნაკრების შეხვედრაში. ამ ორ მატჩს შორის კი 48 საათზე ნაკლები იყო გასული.
შოტლანდიასთან ასევე ითამაშეს გიორგი მამარდაშვილმა და ლუკა გაგნიძემ, მაგრამ ისინი ახალგაზრდულ პორტუგალიასთან სათადარიგოთა შორის დარჩნენ.
ინფორმაცია შესაძლო სანქციებზე არ არის.
GIPHY App Key not set. Please check settings