საქართველოსა და რუმინეთში სტარტი აიღო 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა. მთავარი ვარსკლავი შესაძლოა გამხდარიყო იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ მოგეხსენებათ ჩვენიანმა გადაღლილი სეზონის შემდეგ კიდევ ერთ ტურნირში თამაშზე უარი თქვა. თუმცა კვარას გარეშეც მოგროვდნენ მშვენიერი ფეხბურთელები.
ახალგაზრდული ევროს ყველაზე ძვირადღირებული ბიჭები: ხვიჩა რომ ყოფილიყო
A ჯგუფი: ბელგია, საქართველო, ნიდერლანდები, პორტუგალია
ლოი ოპენდა
თავდამსხმელი, 23 წლის – ბელგია/“ლანსი“
ლიგა 1-ის მე-4 ბომბარდირი (21 გოლი პირველ სეზონში) და სიმპათიური „ლანსის“ მთავარი თავდამსხმელი, რომელმაც პსჟ-ს ბრძოლა გაუმართა. მას „მილანი“ აკვირდება.
შარლ დე კეტელარე
ნახევარმცველი, 22 წლის – ბელგია/“მილანი“
გასულ წელს იტალიაში ბელგიელთა ახალი თაობის მთავარ ვარსკვლავად გადავიდა, მაგრამ 41 მატჩში 1 ასისტი და 0 გოლი აქვს.
გიორგი მამარდაშვილი
მეკარე, 22 წლის – საქართველო/“ვალენსია“
„ვალენსიას“ პირველი ნომერი და საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ერთ-ერთი პერსპექტიული მეკარე, რომელსაც კარგი ევროპული გუნდები აკვირდებიან.
რაიან გრავენბერხი
ნახევარმცველი, 21 წლის – ნიდერლანდები/“ბაიერნი“
ტენ ჰაგის „აიაქსში“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელ იიყო, „ბაიენში“ გადაბარგება შესაძლოა შეცდომა იყო, თადარიგში აღმოჩნდა. იურგენ კლოპი „ლივერპულში“ ეძახის, მაგრამ მიუნხენშიც არ დაუკარგავთ მისი იმედი.
ბრაიან ბრობი
თავდამსხმელი, 21 წლის – ნიდერლანდები/“აიაქსი“
„აიაქსიდან“ „ლაიპციგში“ წავიდა, მაგრამ ერთი სეზონის შემდეგ დაბრუნდა. ძირითადში ადგილი მიიღო და 32 მატჩში 13 გოლი და 3 ასისტი მოაგროვა.
ნუნუ ტავარეში
განაპირა მცველი, 23 წლის – პორტუგალია/“მარსელი“
„არსენალის“ საკუთრებაა, რომელსაც ლონდონში არ გამოუვიდა, მარსელში კი ერთ-ერთი ლიდერი გახდა და 6 გოლი გაიტანა.
პორტუგალაის ჰყავს პედრუ ნეტუ „ვულვერჰემპტონიდან“, რომლის კარიერა ინგლისში ცოტა დამუხრუჭდა.
B ჯგუფი: ხორვატია, რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა
გაბრიელ ვეგა
ნახევარმცველი, 21 წლის – ესპანეთი/“სელტა“
ლა ლიგის ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა. ვეიგამ „სელტა“ გავარდნისგან იხსნა. ბოლო ტურში „ბარსასთან“ დუბლი შეასრულა. მისი გამოსასყიდი თანხაა 40 მლნ ევრო.
მიხაილ მუდრიკი
ნახევარმცველი, 22 წლის – უკრაინა/“ჩელსი“
„შახტარში“ ყურადღებით აკვირდებოდნენ და მაგარი ჰაითლაითებიც ჰქონდა, შეარქვეს „უკრაინელი ნეიმარი“, თუმცა ნახევარი წელიწადში „ჩელსიში“ თავი ჯერ ვერ გამოიჩინა.
ანატოლი ტრუბინი
მეკარე, 21 წლის – უკრაინა/“შახტარი“
რამდენიმე სრულფასოვანი სეზონი „შახტარში“, თამაშები ჩემპიონთა ლიგაზე და უკრაინის მეკარეობაც კი. მას შეუძლია გაისროლოს.
C ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი
ჰარვი ელიოტი
ნახევარმცველი, 19 წლის – ინგლისი/“ლივერპული“
პრემიერლიგაშა დებიუტი 16 წლისას ჰქონდა, წელს „ლივერპულის“ ძირითამდეც გაიზარდა. კლოპი კლუბში ცენტრში იყენებს, მაგრამ ორივე ფლანგზეც შეუძლია თამაში და ათიანადაც.
კერტის ჯონსი
ნახევარმცველი, 22 წლის – ინგლისი/“ლივერპული“
ცენტრში პრესინგიც შეუძლია და ფლანგიდან შეტევაც. ამ ევროს საუკეთესო ფორმაში ხვდება.
ემილ სმით-როუ
ნახევარმცველი, 22 წლის – ინგლისი/“არსენალი“
„არსენალის“ კარგ სეზონში ინგლისელი სერიოზულ ტრავმას მკურნალობდა და ძირითადში დაბრუნება გაუჭირდა. ვარსკვლავების სიაში უფრო ძველი დამსახურებების გამო მოხვდა. ისე კი ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.
იუსუფა მუკოკო
თავდამსხმელი, 18 წლის – გერმანია/“ბორუსია“ დორტმუნდი
მას უკვე აქვს რამდენიმე წუთი მსოფლიო ჩემპიონატზე, 12 გოლი ბუნდესლიგაში და გერმანიის ჩემპიონატის რამდენიმე ასაკობრივი რეკორდი.
ოსკარ გლუხი
ნახევარმცველი, 19 წლის – ისრაელი/“ზალცბურგი“
მასზე ჯერ ავანსები გაიცემა. გასულ წელს ისრაელი ევრო U-19-ის ფინალამდე მიიყვანა (ინგლისთან 1:3) და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მას თვით ადრეულ ლეო მესის ადარებენ.
D ჯგუფი: საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, შვეიცარია
მოჰამედ სიმაკანი
მცველი, 23 წლის – საფრანგეთი/“ლაიპციგი“
საფრანგეთის ნაკრებში იმხელა კონკურენციაა, რომ „ლაიპციგში“ მშვენივრად მოთამაშე სიმაკანი ახალგაზრდულში თუ ხვდება. ის უნივერსალია, სისწრაფეც აქვს, გაბარიტებიც და აზროვნებაც.
ლოიკ ბადე
მცველი, 23 წლის – საფრანგეთი/“სევილია“
გასული სეზონი „ნოტინჰემის“ რეზერვად დაიწყო და „სევილიას“ ძირითადში დაამთავრა ევროპა ლიგის ფინალიანად, სადაც გამარჯვებაში სერიოზული წვლილი შეიტანა.
კეფრენ ტიურამი
ნახევარმცველი, 22 წლის – საფრანგეთი/“ნიცა“
192 სმ-ია და არარეალური კოორდინაცია აქვს.უკვე გამოუძახიათ ეროვნულ ნაკრებში. „ნიცა“ ლილიამ ტიურამის შვილში 40 მლნ ევროს ითხოვს.
სანდრო ტონალი
ნახევარმცველი, 23 წლის – იტალია/“მილანი“
შესაძლოა ამ ევროს ყველაზე ცნობილი მონაწილე. „მილანის“ მთავარი მოთამაშეა (იყო) მოედნის ცენტრში. ის „ნიუკასლში“ გადადის.
უილფრიდ ნონტო
თავდამსხმელი, 19 წლის – იტალია/“ლიდსი“
რობერტო მანჩინის აღმოჩენა. პირდაპირ იტალიის ნაკრებში იძახებდნენ „ციურიხიდან“, 10 მატჩი აქვს დიდ ნაკრებში (1+2). პრემიერლიგაში სტატისტიკა კი ასეთია: 24 მატჩი და 2+4.
ერიკ ბუთჰეიმი
თავდამსხმელი, 23 წლის – ნორვეგია/“სალერნიტანა“
ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია. მან თავი ერლინგ ჰოლანდთან ჰიპ-ჰოპის ჩაწერით დაამახსოვრა. სერია ა-ში კი დიდად ვერ გამოიდო თავი – 1+3.
–
აქ მხოლოდ 20 ფეხბურთელია, მაგრამ არ არის გამორიცხული სხვებმაც გაისროლონ და ან ახლავე გახდნენ ცნობილები ან შემდგომ კარიერაში ივარგონ. იმედი ვიქონიოთ, ასეთებში ბევრი ქართველიც იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings