საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება გამოიტანა – ლიგა 2-ის ბოლო ტურის მატჩში „ბორდოს“ „როდეზთან“ ტექნიკური წაგება ჩაეთვალა – 0:3.
შეგახსენებთ, თამაში 23-ე წუთზე შეწყდა, როდესაც „როდეზის“ ფეხბურთელმა ლიუკა ბუადემ გოლი გაიტანა. მას მოედანზე შევარდნილმა გულშემატკივარმა ხელი ჰკრა. მსაჯმა გუნდები მოედნიდან გაიყვანა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გულშემატკივარს იმ ფეხბურთელის ფიზიკურად დაზიანება სურდა, რომელმაც „ბორდოს“ კარში გოლი გაიტანა.
შესაბამისად, ლიგა 1-ში ოფიციალურად გადავიდა გიორგი მიქაუტაძის „მეცი“, რომელიც ჩემპიონატზე მე-2 ადგილზე გავიდა, ლიგაში ადგილი შეინარჩუნა მოგებაჩათვლილმა „როდეზმა“, „ანსი“ კი დაქვეითდა.
„ეს გადაწყვეტილება ნიშნავს „მეცის“ აღზევებას ლიგა 1-ში და „ანსის“ ლიგა ნაციონალში დაქვეითებას“, – წერია სადისციპლინო კომიტეტის განცხადებაში.
თუმცა საქმე ასე მარტივად არ დასრულებულა.
„ბორდომ“ გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება.
„გადაწყვეტილება არის როგორც გაუგებარი, ასევე არაპროპორციული. კლუბი შეეცდება, რაც შეიძლება მალე დაიცვას საკუთარი უფლებები და სპორტული პოზიცია“, ნათქვამია „ბორდოს“ განცხადებაში.
როდესაც „როდეზის“ თავდამსხმელმა ანგარიში გაიხსნა, წაიქცა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ბორდო“ ამტკიცებდა, რომ ბუადესმა ეს ყველაფერი „გააფორმა“, ტვინის შერყევა არ ჰქონია ქომაგის მხრიდან ხელის კვრის შემდეგ. კლუბმა „ცრუ და სპორტული ეთიკის საწინააღმდეგო“ უწოდა ფეხბურთელის ასეთ მოქმედებას. სამედიცინო ექსპერტიც ადასტურებდა, რომ ბუადესს დაზიანება არ მიუღია.
არგუმენტების დაფიქსირების შემდეგ „ბორდომ“ საჩივარი შეიტანა. ზურიკო დავითავშვილის გუნდს სურდა არა სასჯელის მიღება, არამედ უბრალოდ მატჩის გადათამაშება.
GIPHY App Key not set. Please check settings