სერია ა-ს ბოლოსწინა, 37-ე ტურში „ნაპოლი“ „ბოლონიას“ ესტუმრა და ფრედ 2:2 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელია სპალეტიმ ძირითადში დააყენა. ქართველ შემტევს ბევრი მომენტი არ შექმნია, ყველაზე დასამახსოვრებელი და სახიფათო იყო, როდესაც 59-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი ბურთი დაარტყა და ოდნავ ააცილა. ამის შემდეგ ჩვენიანი მალევე შეცვალეს. 66-ე წუთზე მის ნაცვლად რასპადორი შევიდა.
12 მატჩია, რაც კვარას შედეგიანი მოქმედება არ აქვს.
რაც შეეხება შეხვედრას, ოსიმენის დუბლით „ნაპოლი“ დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ფხა გამოიჩინეს და გათანაბრება მოახერხეს.
Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 6.8 ქულით შეაფასა.
ბოლონია – ნაპოლი 2:2
0:1 – ოსიმენი, 14. 0:2 ოსიმენი – 54. 1:2 – ფერგიუსონი, 63. 2:2 დე სილვესტრი, 84.
უკვე გაჩემპიონებულ „ნაპოლის“ ამ ფრის შემდეგ 87 ქულა დაუგროვდა, ხოლო ბოლო ტურის მატჩი შინ, 4 ივნისს უწევს, ბოლოადგილოსან და უკვე გავარდნილ „სამპდორიასთან“.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლი“ მაქსიმუმ 90 ქულას თუ დააგროვებს, რის გამოც რეკორდს ვერ მოხსნის, რადგან მაურისიო სარის დროს „ნაპოლიმ“ 91 ქულას მოუყარა თავი, რაც მაშინ ჩემპიონობას მაინც არ ეყო.
GIPHY App Key not set. Please check settings