მაღლა, ცაში, 11, 000 მეტრის სიმაღლეზე, გიორგი შერმადინმა შეიტყო, რომ კიდევ ერთი ისტორიული ფაქტის შემოქმედია. თვითმფრინავი, რომელიც მალაგიდან ტენერიფეში მიფრინავდა, ტენერიფეს კალათბურთელებთან და რიგით მგზავრებთან ერთად ესპანეთის ლიგის საუკეთესო მოთამაშის ულამაზესი თასიც მიჰქონდა, თუმცა მგზავრთათვის მალულად. როცა თვითმფრინავმა თავის მაქსიმალურ სიმაღლეს, 11,000 მეტრს უწია, პილოტმა გამოაცხადა, რომ გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. გახარებული შერმადინი თავის გვერდზე მჯდომ საშუ სალინს გადაეხვია. ტენერიფეს ბრაზილიელმა ლეგიონერმა, მარსელიონიო უერტასმა, MVP-ის თასი თვითმფრინავის სალონში გამოიტანა და თავის თანაგუნდელსა და მეგობარს, გიორგი შერმადინს გადასცა.
შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე მეორედ გახდა, რაც ტანოკა ბერდის აქამდე უნიკალური შედეგის გამეორებაა. შერმადინი პირველია თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზების რაოდენობით – მას ეს ტიტული 11-ჯერ აქვს მოგებული. პირველად შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე 2020-2021 წლების სეზონში გახდა. გასულ სეზონში შერმადინი კვლავ კანდიდატთა შორის იყო, თუმცა მას მცირედით აჯობა ბასკონიას ამერიკელმა ფორვარდმა დარიუს ტომპსონმა. ტომპსონი წლეულს მე-2 ადგილზე გავიდა და მას შერმადინმა დიდი სხვაობით აჯობა. ხმის მიცემის პროცედურა გასაგები რომ იყოს, დეტალურად განვიხილავთ.
ესპანეთში საუკეთესო მოთამაშე ვლინდება 4 სეგმენტის გამოკითხვის შედეგად. ესენი არიან: გულშემატკივრები, ესპანეთის ჩემპიონატის 18 გუნდის 18 მწვრთნელი, 18 კაპიტანი და 51 ჯურნალისტისგან შემდგარი კოლეგია. თითოეულ სეგმენტს ხმების საერთო ოდენობის 25 პროცენტი აქვს. ანუ 1 მთლიანი ხმა ოთხად არის გაყოფილი.
თითოეული სეგმენტის გამოკითხვის შედეგად კანდიდატი აგროვებს ქულებს და ჯამში ვისაც მეტი ქულა ექნება, გამარჯვებულიც ის გამოვა. შერმადინმა მთლიანობაში მოაგროვა 88,6 ქულა, მეორეზე გასულმა ტომპსონმა 63,2, ხოლო მესამეზე ჯანან მუსა გავიდა – 58 ქულა. შერმადინმა ყველაზე მეტი ქულა გულშემატკივართა გამოკითხვისგან მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე დიდი უპირატესობით კონკურენტებს სწორედ გულშემატკივართა გამოკითხვაში აჯობა.
გულშემატკივართა გამოკითხვა ყველაზე პირველად იმართება და ის ინტერნეტის საშუალებით მიმდინარეობს. გამოკითხვაში ნებისმიერი ადამიანი მონაწილეობს, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა აქვს. აღსანიშნავია, რომ ვინც ხმების რამდენ პროცენტს მიიღებს, იმდენი ქულა ერიცხება. შერმადინმა ხმების 29 პროცენტი მიიღო და ამ სეგმენტშიც ამდენი ქულა ერგო.
მწვრთნელებისა და მოთამაშეების (კაპიტნების) გამოკითხვაში ლიგის 18-ივე გუნდის წარმომადგენელი ასახელებს საუკეთესო სამეულს ადგილების მიხედვით. ქულები შესაბამისად ირიცხება – 3 ქულა საუკეთესოს, მომდევნოებს შესაბამისად 2 და 1.
რაც შეეხება პრესის გამოკითხვას: 51 ჟურნალისტი ასევე ასახელებს 3 საუკეთესოს და მათ ადგილების მიხედვით ქულები შემდეგნაირად ერიცხებათ: 1 ქულა, 0,7 და 0,3 ქულა. ჟურნალისტებში შერმადინმა ასევე დიდი უპირატესობით იმარჯვა: მან 27,6 ქულა მიიღო, მეორეზე გასულმა დარიუს ტომპსონმა კი – 12,2.
სწორედ ამ 4 სეგმენტის გამოკითხვის შედეგად მოგროვებული ქულების ჯამია შერმადინის საბოლოო შედეგი – 88,6 ქულა, რაც მთელი 25 ქულით მეტია მეორეადგილოსანზე.
შერმადინის წლევანდელი სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია: 14,4 ქულა, 5,4 მოხსნა, 1,2 პასი, 0,4 ჩაჭრა და 0,4 დაფარება. საქართველოს ნაკრების ცენტრი მალე ესპანეთის ლიგის პლეი ოფში ჩაებმება. მისი ტენერიფე რეგულარულ ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გავიდა და მეოთხეფინალურ სერიაში მალაგის უნიკახას ხვდება. სერია 3 მოგებამდეა და სტარტს 28 მაისს აიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings