დღეს, ქართული გუნდების ევროსეზონი იწყება და ასპარეზზე ქვეყნის ჩემპიონი, ბათუმის „დინამო“ ერთვება. ბოლო პერიოდში ქართული ფეხბურთის წარმატება შემოგვეჩვია, ოღონდ, ეს სანაკრებო დონეზე. რაც შეეხება საკლუბოს, ახლა ვნახავთ წარმატებული სანაკრებო ვოიაჟმა როგორი გავლენა ჰპოვა ქართულ გუნდებზე.
თბილისის დროით 22:30-ზე „სლოვანისა“ და „დინამოს“ მატჩი აიღებს სტარტს. მეტოქე ძალიან ძლიერია. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა, ამჟამინდელი კაპიტანი გურამ კაშია და ქართული ფეხბურთის იმედად შერაცხული გიორგი ჩაკვეტაძე. პლუს მთავარ მწვრთნელად, ნაკრების ყოფილი მესაჭე ვლადიმირ ვაისი. მოკლედ, ბევრი ნაცნობი გვარია და მათზე აღარ დავწვრილმანდეთ.
ცოტა ხნისწინ, „სლოვანმა“ „უოტფორდის“ მოთამაშე იურაი კუცკა შეიძინა, რომელმაც გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და, ალბათ, ზედმეტი ჩაკირკიტება არ სჭირდება. მისი კლასი ეჭვმიუტანელია.
ზოგადად, „სლოვანის“ ვრცელი ანალიზი მაშინ შემოგთავაზეთ, როცა შევიტყვეთ, რომ ბათუმის „დინამოს“, სწორედ სლოვაკლური გუნდი შეხვდებოდა. „სლოვანში“ უჩე აგბოც ირიცხება, რომელსაც ლა ლიგაშიც უთამაშია და სერია ა-შიც. სლოვაკეთის ნაკრების არაერთი მოთამაშეც აქვეა. მოკლედ, გამომცდელი ძალიან ძლიერია.
ბათუმის „დინამოს“ მთავარი დანაკარგი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის რეისიც ცოტახნისწინ დაეშვა ნეაპოლში და ეს უკვე წარსულის ამბავია.
ზღვისპირელებს მის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა. ამის საპირწონედ, „დინამოში“ ნაკრების არაერთი მოთამაშეა: დავითაშვილი, კობახიძე, მამუჩაშვილი, კუპატაძე, ჩაბრაძე, აზაროვი და ალთუნაშვილი. ეს ბიჭები ეროვნულ ნაკრებში წუთებს იღებენ. აზაროვმა საერთოდ მატჩების უმრავლესობაში შეუცვლელად ითამაშა და ზურიკომ ბულგარეთს როგორი თავურიც გაუტანა გემახსოვრებათ.
ექო, რომლის მოლოდინშიც არის ქართული საფეხბურთო სპექტრი:
ნაკრების წარმატება, რომელმაც გულშემატკივარს იმედი დაუბრუნა და იგივე „სლოვანთან“ ოპტიმიზმის საფუძველი გაუჩინა, რადგან ვილი სანიოლმა ეროვნული ლიგის მოთამაშეებზე გვარიანი აქცენტი გააკეთა. ახლა, კლუბების წარმატებამ შესაძლოა ქართული ფეხბურთის სწორ რელსებზე შეყენება განაპირობოს. ეს არავინ იცის, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ორივე ფრონტზე წარმატება დიდებული ამბავი იქნება.
გია გეგუჩაძის ფაქტორი:
2004 წელს გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია და ეს ერთადერთია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. შესაბამისად, ყველაზე მეტად, სწორედ გეგუჩაძისგანაა იგივეს მოლოდინი.
საპასუხო მატჩი ბათუმში:
სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმებამ, თითქოს საპასუხო მატჩის ლოკაციას მნიშვნელობა გაუუფერულა, მაგრამ მთლად ასეც არაა. 25 000 გულანთებული ქომაგი, რომელიც შესაძლოა იქს ფაქტორი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით, თუ მატჩი დამატებით დროში გადავა…
მოკლედ, დღეს ბათუმის „დინამო“ ხვალ კი თბილისის „დინამო“; „დილა“ და „საბურთალო“. ვინ იცის, იქნებ წყალგამყოფი პერიოდის დასაწყისზე ვსაუბრობთ…
GIPHY App Key not set. Please check settings