in

საკუთარი თავის რწმენა დავკარგე, ყველაზე მაგარი მეგონა ჩემი თავი და უცებ აღმოვაჩინე, რომ ასე არ არის… მერაბ დვალიშვილის გულახდილი ინტერვიუ კარიერის დასაწყისში გადატანილ სირთულეებზე

შერეული საბრძოლო ხელოვნება (MMA) დღეს უკვე ლეგალურ საბრძოლო სპორტის სახეობათა შორის მოიაზრება და მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სუპერ მსუბუქ წონას ქართველი, მერაბ დვალიშვილი ლიდერობს. თბილისელი ბიჭისთვის ჯერ კიდევ უცნობი სპორტის ეს სახეობა, ევოლუციის სხვადასხვა ეტაპებს გადიოდა, სანამ ის თბილისში, წერეთლის ქუჩაზე მერაბ დვალიშვილამდეც მივიდოდა და მისით “მოიწამლებოდა”.

Vale tudo (ყველაფერი დაშვებულია) – ბრძოლა წესების გარეშე გახდა ინსპირაცია, რომ ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნების ბაზაზე მისი ამერიკული ანალოგი შექმნილიყო.

ეს ყველაფერი კი სათავეს 1993 წლიდან იღებს. ბრაზილიიდან ამერიკაში ემიგრირებულმა როი გრეისიმ ჯერ ბიუ ჯიცუს (BJJ) სკოლა დააარსა. საბრძოლო ხელოვნების ამერიკული ფორმატი სახელწოდებით აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) როის მიერ ამერიკაში დამკვიდრებული Vale Tudo-ს წესების გავლენით აგრძელებდა იატაკქვეშ არსებობას…

ადრეული წლები

მერაბ დვალიშვილი, 32 წლის ქართველი, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, ამჟამად აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში პირველობისთვის წარმატებით იბრძვის. პროფესიული კარიერის განმავლობაში სულ 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 16 – გამარჯვებით და, მათ შორის, 3 ნოკაუტით დაასრულა.

მისი ამჟამინდელი მწვრთნელი რეი ლონგო და მეთ სერა არიან. მერაბს ნეაპოლში რამდენიმე დღის წინ შევხვდი. ოკეანე ხვიჩა კვარაცხელიას გასამხნევებლად გადმოცურა. მატჩამდე ცოტა წარსულშიც ვიმოგზაურეთ, ცხოვრება ხომ ბრძოლაა, სადაც ძლიერი გადარჩება.

“ძიუდოთი დავიწყე, – იხსენებს მერაბი, – ტურნირებზე წარმატებით ვჭიდაობდი. ფეხიდან ილეთის გაკეთება ჩემი სტილი იყო. უმეტესად ბრძოლებს ამ გზით ვიგებდი. როცა წესები შეიცვალა და ფეხში შესვლა ამოიღეს, დავიბენი. ჩემთვის ძიუდო გართულდა”.

მერაბმა ძიუდოდან ბედი სამბოში სცადა, თუმცა თავისი თავი ვერც სპორტის ამ სახეობაში იპოვა. სანამ ერთ დღეს რაღაც ახალი, მისთვის უფრო მომხიბვლელ საბრძოლო სტილს არ მიაგნო.

“როდესაც პირველი შეჯიბრება ჩავატარე, გავაცნობიერე, რომ ეს იყო სპორტი, რომელიც ყველაზე მეტად ჩემი იყო. მეტი თავისუფლება მქონდა. ჭიდაობაში, თუნდაც ძიუდოში, შეზღუდული ხარ და წესებს ემორჩილები. ჩემი თავი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ვიპოვე”.

გლადიატორების შერკინება

სანამ მერაბი თბილისში, მისთვის სასურველი სპორტის სახეობის ძიებაში იყო, UFC წესებს ხვეწდა, რათა ტურნირი მასებზე მოერგო. აშშ-ის მთავრობის ყურადღების ქვეშაც მალევე მოექცენ. “მოჩხუბარი ადამიანი მამლები”, – ასე უწოდა ამერიკელმა სენატორმა, აწ გარდაცვლილმა ჯონ მაკკეინმა იატაკქვეშა სპორტს. უკლებლივ ყველა შტატში ბრძოლების აკრძალვაც კი მოითხოვეს.

“შემთხვევით აღმოვაჩინე, ტურნირი, რომელიც თბილისში ტარდებოდა, სადაც საბრძოლო ორთაბრძოლებში გამოცდილების მქონეს მონაწილეობის მიღება შეეძლო, – მერაბიმ ისტორიის თხრობაც პირველი ნაბიჯებით დაიწყო, – ამ ტურნირის შემდეგ ვარჯიში გავაგრძელე და მთელი ყურადღება დავუთმე.

საქართველოში ათი ბრძოლა წარმატებით ჩავატარე. 2011 წელს სამ გამორჩეულ მებრძოლს შორის ამერიკაში სამოყვარულო ტურნირში ქამარზე დაგვინიშნეს ბრძოლა და ჩვენც გავემგზავრეთ”…

ამერიკული ოცნება

“ბრძოლა მოვიგე და საქართველოში დავბრუნდი, – იხსენებს მერაბი, – რადგან ვიზა მქონდა, ამერიკაში ჩასვლა და ბედის ცდა გადავწყვიტე. პირველი წელი რთული აღმოჩნდა. შესაბამისი სავარჯიშო დარბაზი ვერ ვიპოვნე.

სპარინგპარტნიორის გარეშე მომზადება რთულია და ერთი წელი დავკარგე. თუმცა ასპარეზობას კრივსა და კიკბოქსინგში ვაგრძელებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სპორტი არ იყო”.

დვალიშვილი 21 წლის ასაკში გადავიდა ამერიკაში, რომ სპორტის ამ სახეობაში ბედი ამჯერად უკვე პროფესიონალთა შორის ეცადა. მიზნამდე სასვალი გზა უამრავი წინააღმდეგობით იყო სავსე.

არასოდეს დანებდე!

ერთწლიანი უიმედო მოლოდინი დასრულდა. ლონგ-აილენდის დასახლებაში მცხოვრებმა მერაბ დვალიშვილმა იმედისმომცემი ინფორმაცია მიიღო. დარბაზამდე მისასვლელი გზა ველოსიპედით შეეძლო დაეფარა და სრულფასოვნად ევარჯიშა.

“არავის აინტერესებდა, რომ მე MMA-ში გამოვსულიყავი, – მერაბი წარსულის სევდიან, მაგრამ საამაყო ეპიზოდებს მებრძოლი სულის მშვიდი ემოციით იხსენებს, – იმ ფაქტმა, რომ დარბაზს ვერ ვპოულობდი, დეპრესიაში ჩამაგდო.

საბედნიეროდ შემდეგ ესეც მოგვარდა. ბრძოლა დავიწყე, თუმცა პირველი მცირე უპირატესობით წავაგე, მეორე ბრძოლა მოვიგე და მესამე კვლავ წავაგე.

ამჯერადაც მსაჯებმა დამჩაგრეს. მერე მივხვდი, რომ კიდევ მეტი უნდა მეშრომა, რომ მსაჯებისთვისაც მეჯობნა. მარცხის მიზეზი იყო ბრძოლებს შორის არასაკმარისი დასვენებაც. იმდენად მინდოდა ბრძოლა, რომ უარს არ ვამბობდი”.

წაგებების სიხშირე კი პროფესიულ დონეზე ბრძოლას შეაფერხებდა, რამაც მერაბი კიდევ ერთხელ დააფიქრა. ოცნების კვალდაკვალ, ვალდებული იყო მშენებლობაზე ემუშავა, რომ ემიგრაციის სირთულეებს გამკლავებოდა.

“საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. თავი ყველაზე მაგარი მეგონა და უცებ აღმოვაჩინე, რომ ასე არ არის. თუნდაც ის, რომ სრულფასოვნად ვარჯიშს ვერ ვახერხებდი.

ფიზიური შრომა და ვარჯიში ერთად რთული იყო. ერთი წელი და 6 თვე გავჩერდი. ვარჯიშს ვაგრძლებდი, თუმცა მხოლოდ ვმუშაობდი.

ჩავთვალე, რომ ვერ შევძლებდი MMA-ში გადასვლას. დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ემიგრანტების მსგავად, მეც ბედი სხვა პროფესიაში უნა მეცადა”.

The Machine

“გავაანალიზე, რომ ყველაზე ბედნიერი ამ სპორტში ვარ, – მერაბი წარსულში განცდილ ემოციებში ჩაიძირა, – საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მოვიგებ თუ წავაგებ.

ეს სპორტი მიყვარს. მინდა ეს საქმე ვაკეთო. საკუთარ თავს შთავაგონე, რომ ამერიკაში უფასოდ ჩხუბს სხვა ქვეყანაში წასვლა და პროფესიულად საკუთარი თავის რეალიზება შემეძლო”.

რადგან კარიერის დასაწყისში რამდენჯერმე დამარცხდა, პროფესიულ ლიგაში გადასვლა შეფერხდებოდა. საჭირო იყო მოგებების სერიის შექმნა. 2016 წელს მერაბი კვლავ დაუბრუნდა ოქტაგონს…

“ეს ბრძოლა წყვეტდა: ან ყველაფერი ან არაფერი, – მერაბი საკვანძო ბრძოლის ეპიზოდს იხსენებს, – ან გავაგრძელებდი ბრძოლას, ან გავჩერდებოდი.

ასევე წყვეტდა ფინანსურ პრობლემებსაც – სრულფასოვანი სპორტსმენი გავხდებოდი და ფიზიკური შრომა და მშენებლობებზე ენერგიის დახარჯვა აღარ დამჭირდებოდა”.

ძმა ძმისთვისაო…

“ალჯოსთან მეგობრობა თავისთავად დაიწყო. საერთო დარბაზში, საერთო სპორტისადმი სიყვარულმა დაგვამეგობრა. მით უმეტეს, რომ ერთსა და იმავე წონით კატეგორიაში გამოვდივართ”.

რადგანაც ორივე ერთსა და იმავე წონით კატეგორიაში გამოდის და ალჯამეინ სტერლინგი კი ქამრის მოქმედი მფლობელია, ხალხს სურს რომ მათ შორის ბრძოლამ ერთპიროვნული ლიდერი გამოავლინოს.

“თავად აპირებს რომ წონა შეიცვალოს, – ვატყობ, რომ მერაბს ეს თემა არ სიამოვნებს, – 6 მაისს მას ბრძოლა აქვს ჩანიშნული. ვეხმარები და მისი სპარინგპარტნიორი ვარ. რთულია დეტალებზე ლაპარაკი. როდესაც ამ ბრძოლას მოიგებს, შემდეგ ვილაპარაკებთ”.

ხერხი სჯობია ღონესა…

…თუ კაცი მოიგონებსაო, – უთქვამთ წინაპრებს. იდეაც მაშინ გაჩნდა, როცა ტურნირის ორგანიზატორებმა საქართველოს რუკის ყელსაბამით გამოსლა აუკრძალეს.

“მანამდე, მონაწილეებს დროშების გამოყენების უფლება არ მოგვცეს. შემდეგ ყელსაბამით გამოვდიოდი და პოლიტიკურ განცხადებებსაც ვაკეთებდი. როგორც კი რუსთან ბრძოლა დაინიშნა, წავედი და საქართველოს დროშაში ჩასმული რუკა გულის მხარეს, მკერდე დავიხატე”.

თავისუფალი სული

ადამიანის შინაგანი თავისუფლება მის ქცევაში აისახება. თავისუფალი სული დაუდგრომელია, შეუპოვარია, მოუდრეკელია…

“აზრის დაფიქსირებას არ ვერიდები. არ მაინტერესებს სხვასთან თავის მოწონება. ჩემი ცხოვრება ბრძოლაა, დაბრკოლებებია. მთავარია მე ეს გზა ღირსეულად გავაგრძელო. ადვილ გზას არ ვეძებ, რომ მერე მარტივად გავძვრე”.

12 მარტს მერაბი სუპერმსუბუქ წონაში ყოფილ ჩემპიონს, ეროვნებით რუს პიოტრ იანის დაუპირისპირდა. მერაბის გასამხნევებლად აშშ-ის სხვადასხვა შტატიდანაც კი ჩავიდა უამრავი ქართველი.

“რუსთან ბრძოლას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭებოდა, – იხსენებს მერაბი. სხვა ბრძოლებში ასეთი შეგრძნება არ მქონია, რაც რუსთან გამიჩნდა.

ვეცადე, ცივი გონებით მოვმზადებულიყავი. ერთმა დარტყმამ შეიძლება ყველაფრი შეცვალოს. ბოლო წამამდე ჩართულ ვიყავი. მხოლოდ ბოლო ათი წამი გავერთე…

ჭიდაობის ილეთი მეჭირა, გაჩერებული მყავდა. ბოლო 10 წამის ათვლა რომ დაიწყო, დგომში შევუტიე. ვცდილობდი, დომინანტურ პოზიციაში ვყოფილიყავი და არც დარტყმის საშუალება მიმეცა”.

ეს ბრძოლა 5 რაუნდი გაგრძელდა. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მერაბმა მოიგო და რიგით მე-16 გამარჯვებასთან ერთად, რეიტინგში პირველი ადგილიც გაიმყარა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას მსგავსი იტალიაში არ არის… რას ამბობენ ლეგენდები კვარაზე: ცოტა მაღალი რომ იყოს…

დიეგო საქმეებს სამოთხიდან აგვარებს: ნაპოლის ჩემპიონობა მარადონას დამსახურებაა