ესეც ასე: ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა და აგერ ერთი სეზონიც არ დასჭირდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომ ნეაპოლელი ქომაგები ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამდე მიეყვანა.
ნეაპოლში ახალშობილს „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას საპატივსაცემოდ დაარქვეს სახელი.
Corriere dello Sport-ის მონაცემებით, ნეაპოლის მკვიდრმა და გუნდის ფანებმა არმანდომ და კლარამ პირველ შვილს სახელად დანიელე ხვიჩა შეურჩიეს. ალბათ მიხვდით, რომ ბავშვის მამას სახელი არმანდო დიეგო არმანდო მარადონას საპატივსაცემოდ ჰქვია. სწორედ ლეგენდარული არგენტინელის დროს მოიგო „ნაპოლიმ“ ორი სკუდეტო, რაც ერთადერთი შემთხვევაა კლუბის ისტორიაში. ახლა კი დიდწილად ხვიჩას გამო „ნაპოლი“ ისევ ხდება იტალიის ჩემპიონი.
დანიელე, ხვიჩა დაიბადა 31 მარტს „Clinica Santa Patrizia“-ში. კვარამანია ნეაპოლში პირველივე წუთებიდან გაჩნდა, როდესაც ქართველმა ტალანტმა ფეხი დადგა ქალაქში და ახლა მარადონას კვალდაკვალ მიჰყვება ნეაპოლელთა ყოველდღიურობას.
ცნობილია, რომ დიეგო მარადონას დროს ბევრმა ბავშვმა მიიღო არგენტინელი ვარსკვლავის სახელი. 2023 წელს კი ვითარება მეორდება.
დანიელე, ხვიჩას მამა:
„ყველაფერი მართალია. დანიელეს შემდეგ მძიმეს ვსვამთ და ამიტომ ნამდვილი სახელია დანიელე, ხვიჩა. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იმ ყველაფრისთვის, რაც წელს „ნაპოლიში“ მოხდა.
როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? მე ვარ „ნაპოლის“ დიდი გულშემატკივარი და როგორც ჩემი სახელიდან ხედავთ მამაჩემიც ამ გუნდის ქომაგი იყო. მე დავიბადე 1986 წელს და ჩემმა მშობლებმა დიეგო არმანდო მარადონას გამო შემირჩიეს სახელი.
გავუზიარე გადაწყვეტილება ჩემს მეუღლეს? აბსოლუტურად. ეს საერთო არჩევანია. ვფიქრობ, რომ ასეთ შესანიშნავ ფეხბურთელთან ერთად რომ არ ვცხოვრობდეთ, ბავშვს მხოლოდ დანიელეს დავარქმევდით.
კვარაცხელიას გაცნობა ჩემი პატარა ოცნებაა, ისევე როგორც წელს „ნაპოლის“ მოგება. და მერე კიდევ ერთი ოცნება მაქვს: იმედი მაქვს, რომ მამაჩემი, რომელიც აქ აღარ არის, დანიელე, ხვიჩას თვალით ნახავს „ნაპოლის“ წვეულებას“.
კიდევ რამდენი ხვიჩა დაიბადება ნეაპოლში.
GIPHY App Key not set. Please check settings