ფრანგულ გამოცემა republicain-lorrain-თან ინტერვიუში „სენტ-პრიესტის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ ბახმა პროფესიულ ფეხბურთში გიორგი მიქაუტაძის პირველი ნაბიჯები გაიხსენა – მისი თქმით, საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელის მსგავს ნიჭიერ ფეხბურთელთან არასოდეს უმუშავია.
ლიონელ ბახი მიქაუტაძეს ლიონის გარეუბანში მდებარე კლუბ „სენტ-პრიესტის“ 19-წლამდელთა გუნდში წვრთნიდა. ქართველი თავდამსხმელი შემდეგ მთავარ გუნდში გადავიდა, შემდეგ კი „მეცში“ მიიწვიეს. „გენგამის“ ყოფილი ფეხბურთელი ქართველი თავდამსხმელის, ლიგა 2-ის ბომბარდირის კარიერაზე საუბრობს.
„ის „სენტ-პრიესტის“ 17-წლამდელთა გუნდში იყო და ბოლო მატჩებში 19-წლამდელებში დავაწინაურე. ის ძალიან კარგი მოთამაშე იყო, საჯარიმოში უნარიანი გახლდათ და გოლის გრძნობა ჰქონდა. ჩვენ ვხვდებოდით, რომ მას არ სჭირდებოდა ბევრი მომენტი გოლის გასატანად. როგორც კი საშუალება ჰქონდა, ყოველთვის ურტყამდა და ხშირად გაჰქონდა. ვგრძნობდით, რომ მას ჰქონდა პოტენციალი და კარგი სკოლა გამოიარა. მიქაუტაძე ჩვენთან ლიონის „ოლიმპიკის“ აკადემიიდან მოვიდა. მე მასზე უფრო ნიჭიერი თავდამსხმელი არ მინახავს“, – ამბობს ლიონელ ბახი.
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 29 ტურიდან 28 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლით (3 პენალტით) ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. მეორე ადგილზე „სენტ-ეტიენის“ ფორვარდი ჯან-ფილიპ კრასოა, რომელმაც 14 გოლიდან 6 პენალტით გაიტანა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings