ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჩვენს ჯგუფში მთავარი მატჩი გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა მალაგაში მიიღო ნორვეგია და საბოლოოდ დიდი სხვაობით დაამარცხა – 3:0.
მართალია ანგარიში სოლიდურია, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე.
თამაში მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მეტოქეს მიაწყდნენ, რაც გოლით დასრულდა – თავი ოლმომ გამოიჩინა. ამის შემდეგ სტუმრებმაც გაიხედეს მეტოქის კარისკენ და ორი მომენტიც შექმნეს: ედეგორის წაქცევაზე მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ხოლო ეურსნესის დარტყმული კეპამ მოიგერია.
ნორვეგია არც მეორე ტაიმში გამოიყურებოდა ურიგოდ, კეპას ისევ მოუხდა საქმეში ჩართვა. ინიციატივა ესპანელებს კი ჰქონდათ, მაგრამ ეს დიდ ხიფათში არ გადაზრდილა. სტუმრებს კი მორიგი შანსი კონტრშეტევისას მიეცათ, მაგრამ
სორლოტმა ხელსაყრელი პოზიციიდან გაანიავა.
სამაგიეროდ 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 32 წლის ხოსელუმ დაუვიწყარი მატჩი მოიწყო: ორიოდ წუთში დუბლი შეასრულა. ეს იყო მისი სადებიუტო მატჩი ნაკრებში.
ასევე აღვნიშნოთ, რომ ესპანელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ, ლუის დე ლა ფუენტე და ეს მატჩი მისთვისაც სადებიუტო იყო.
ესპანეთმა 2003 წლის მერე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ 23 საშინაო შეხვედრა მოიგო, რაც რეკორდია.
მოკლედ, ესპანელებმა მშვენიერი ანგარიშით კი მოიგეს, მაგრამ ამ ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, ნორვეგია არ იმსახურებდა დიდი ანგარიშით წაგებას და შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ქულის აღებაც შეეძლო. ან პენალტი რომ დაენიშნა მსაჯს, ან სორლოტს რომ გაეტანა, არავინ იცის მერე მატჩი რა ანგარიშით დამთავრდებოდა. სხვათა შორის, თავად ნორვეგიული პრესაც ამაზე წერს და ამბობს, რომ თუ გუნდმა ბათუმშიც ასე ითამაშა, სამ ქულას წამოვიღებთ საქართველოდანო.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯგუფის პირველი მატჩი გლაზგოში გაიმართა, სადაც შოტლანდიის ნაკრებმა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი ასევე 3:0 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაშიც ანგარიში 1:0 იყო და მასპინძლებმა აქაც მატჩის მიწურულს, მოკლე მონაკვეთში გაიტანეს ორი გოლი.
A ჯგუფის მეორე ტურის მატჩები 28 მარტს გაიმართება: ესპანეთი სტუმრად ჩავა შოტლანდიასთან, საქართველოს ნაკრები კი ნორვეგიას უმასპინძლებს.
ესპანეთი – ნორვეგია 3:0
გოლები: 1:0 ოლმო (13), 2:0 ხოსელუ (84), 3:0 ხოსელუ (85)
ესპანეთი: კეპა – კარვახალი, ნაჩო, ლაპორტი, ბალდე – როდრი, მერინო (81. რუისი) – ოლმო (67. პინო), ასპასი (58. სებალიოსი), გავი (58. ოიარსაბალი) – მორატა (81. ხოსელუ)
ნორვეგია: ნილანდი – პედერსენი (74. რიერსონი), სტრანდბერგი, ოსტიგორი, მელინგი (74. ბიორკანი) – ედეგორი, ბერგი, აურსნესი – ბერგე (74. სოლბაკენი), სორლოტი (86. ბრინჰილტსენი), ელიუნუსი (74. ლარსენი)
GIPHY App Key not set. Please check settings