in

მოგება არასასურველი არომატით: საქართველომ 2023 მონღოლეთის დამარცხებით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა 2023 წელი ამხანაგური მატჩის მოგებით დაიწყო – დავამარცხეთ მონღოლეთი დიდი ანგარიშით 6:1. როდესაც ასეთი ანგარიშით იგებ, მით უმეტეს თანამედროვე ფეხბურთში, ძნელია კრიტიკა, მაგრამ საქართველოს ნაკრების გადახალისებული (გნებავთ მეორე) შემადგენლობისგანაც მაინც მეტს ველოდით, მეტადრე პირველ ტაიმში ნანახმა ცოტა უსიამოვნო მოულოდნელობის ელფერი დატოვა. უკვე ორ წუთში გამოჩნდა, რომ მეტოქე ვერაფერი მოწინააღმდეგე იყო და რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოუცდელი მონღოლები თანამედროვე ფეხბურთისგან შორს ყოფილან – ბურთთან კონტაქტითაც ადვილად მიხვდებოდი, რომ ლამის ქუჩის ფეხბურთის დონეზე არიან.

და გვეგონა, რომ დაიწყებოდა, აღარ დამთავრდებოდა. მე-2 წუთზე ვერგატანილ გოლს, კიდევ მოჰყვა ხიფათი და მე-15-ზე უკვე ანგარიში გავხსენით. მართალია მერე ჩაკვეტაძის 100%-იანი გაფუჭებული მომენტიც იყო, მაგრამ გოლის გაშვებას ნაღდად არ ველოდით – ლორიას შეცდომას კი მოჰყვა ბურთის დაკარგვა, მაგრამ სტუმრებმა ლამის გვარდიოლას „სიტის“ დონეზე გაათამაშეს მოკლე პასებით და ლამაზი გოლიც გაგვიტანეს. ცივი შხაპი და ანგარიში გათანაბრდა.

მერე ჩაკვეტაძემ პენალტიც გააფუჭა. მერე კიდევ ერთი ეპიზოდში თავი ისე დაახვედრა ბურთს, ალბათ მონღოლეთის ჩემპიონატში როგორც აკეთებენ.
გავუსწროთ მოვლენებს და ჩვენი მეორე გოლი, პირველიც და გნებავთ პენალტიც, ცოტა საეჭვო ვითარებაში გავიდა. VAR რომ ყოფილიყო, შესაძლოა არცერთი არ მოეცათ. მეორე გოლი თითქმის აშკარა თამაშგარედან გავიტანეთ. მოკლედ, არ უნდა გვჭირდებოდეს მონღოლეთთან მსაჯის შეცდომები.

მეორე ტაიმში ჯამში 5 გოლი გავიტანეთ და ეს ცუდი აბა რანაირად იქნება. ბურთი სულ ჩვენ გვეჭირა, ვუტევდით, ვცდილობდით ფლანგებიდან, ინდივიდუალურად (ტრადიციულად), ჩაწოდებებით და ხან რა გამოდიოდა და ხან რა. უფრო ის გამოვიდა, რომ ჩვენებმა წყვილად გაუტანეს ჩინგის ყაენელებს (ეს მონღოლეთის ნაკრების ორიდან ერთი მეტსახელია). ჯერ ჩაკვეტაძემ გაიტანა ორ წუთში ორი გოლი, მატჩის ბოლოსკენ კი ასევე ორჯერ ვივარგეთ მოკლე მონაკვეთში – 3-წუთიან ინტერვალში შეცვლაზე შესულმა ფორვარდებმა შეყარეს ბურთები.

რა დაინახა, რა მოეწონა ან რა არ მოეწონა, ვინ დაუკმაყოფილა მოლოდინი ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ამას ალბათ თვითონ იტყვის (ნაწილობრივ მაინც), მაგრამ ისედაც წესით მალევე გამოჩნდება – ვის რამდენ დროს მისცემს მომავალში.

აღვნიშნოთ და მივულოცოთ 17 წლის გაბრიელ სიგუას ნაკრებში დებიუტი.

„ლურჯი მგლები“ (მონღოლეთის მთავარი მეტსახელი) კი ფიფას რეიტინგში 183-ე ადგილზე არიან, ევროპაში არასოდეს უთამაშიათ, ბოლოს ამხანაგურები გაუგებარ გუნდებთან ითამაშეს (იმასაც ვერ იგებენ), ლეგიონერები ამათ არ ჰყავთ, ულან ბატორში წესიერი გუნდები არ ჩადიან და 6:1 მოგების გამო, თანაც მომენტებში ასეთი თამაშით, დიდად გულზე საბრაგუნო არ უნდა იყოს. მაგას ჯობია, საქმეს მივხედოთ და ნამდვილ ფეხბურთში ვივარგოთ, მით უმეტეს, რომ საქართველოს (ნაკრებსაც და ხალხსაც) ბოლო პერიოდში მადა აშკარად მოუვიდა და მოთხოვნებიც გაზრდილია.

სამშაბათს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს ვიწყებთ.

საქართველო – მონღოლეთი 6:1
25 მარტი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31), 2:1 ჩაკვეტაძე (56), 3:1 ჩაკვეტაძე (57), 4:1 ლობჟანიძე (70), 5:1 ბერიძე (88), 6:1 ზივზივაძე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია (46. გუგეშაშვილი) – საზონოვი, კობახიძე, დვალი – გოჩოლეიშვილი, აბურჯანია (46. კვეკვესკირი), გაგნიძე (64. დავითაშვილი), წიტაიშვილი (64. სიგუა) – ლობჟანიძე, ვოლკოვი (71. ბერიძე), ჩაკვეტაძე (64. ზივზივაძე).

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლის პრეზიდენტი ხვიჩას აყვანაზე ორჭოფობდა

ჩვენი ჯგუფიც დაიწყო: ქეცბაიას კვიპროსმა შოტლანდიასთან წააგო