in

ფეხბურთელებმა იციან, რას ვფიქრობ… დღეს წლის პირველი თამაშია

საქართველოს ნაკრებმა წლის პირველმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

ვილი სანიოლის გუნდმა 25 ფეხბურთელის შემადგენლობით დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი ბათუმში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს დაუპირისპირდება.

მატჩის მასპინძელ ქალაქში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და ჩვენი გუნდის წევრის, საბა ლობჟანიძის პრესკონფერენცია გაიმართა.

ვილი სანიოლი:
„მონღოლეთის ნაკრები სხვა კონფედერაციას წარმოადგენს და მეტოქის შესახებ ბევრი არ ვიცით. ვუყურეთ მათ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრებს და კონკრეტულ დეტალებს ფეხბურთელებს ვუზიარებ. შემადგენლობაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო პერიოდში მეტი ითამაშეს, ზოგმა ნაკლები. იქნება როტაცია, რადგან ამხანაგური მატჩები სწორედ ამისთვის არის. ფეხბურთელებმა იციან, რას ვფიქრობ ეროვნული ნაკრების მატჩების შესახებ. ეს იქნება ოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრა, ყოველთვის მოგება მსურს. შედარებით უცნობ მეტოქესთან თამაშშიც, მოთამაშეებისგან ანალოგიურ დისციპლინას და მიდგომას ველი. გულშემატკივრებს საერთაშორისო დონის თამაში უნდა შევთავაზოთ.

ახლო წარსულში გიორგი მიქაუტაძეზე და მის თამაშზე გარკვეული კომენტარი გავაკეთე. ვფიქრობ, მან სწორად გაიგო ჩემი სიტყვები. ერთი წლის განმავლობაში პროგრესირებს და დროა ეროვნულმა ნაკრებმა მისი კარგი სათამაშო ფორმისგან სარგებელი მიიღოს. შესაძლოა, ის ტიპიური 9 ნომერი არ არის, თუმცა საკმაოდ ძლიერი და სწრაფია. მას შეუძლია ითამაშოს თავდასხმაში, შესაძლოა, არა ერთადერთ ფორვარდად, არამედ სხვა მოთამაშეებთან წყვილში. მოახლოებულ შეხვედრებში, ექნება შესაძლებლობა მაჩვენოს მე და მთელ საქართველოს, რამდენად უკეთესი გახდა ამ წლის განმავლობაში.

ხვიჩას შესანიშნავი პროგრესი აქვს ბოლო თვეების განმავლობაში. ის დიდებულ კლუბშია ფანტასტიკურ მწვრთნელთან. უკეთესი ხდება და იმაზე მეტს აღწევს, ვიდრე მისგან ელოდნენ. თუმცა, ბოლო პერიოდში, მის შესახებ ძალიან ბევრს საუბრობენ. ის შესანიშნავი ადამიანია და ძალიან მიყვარს, თუმცა თუ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, იქ საქართველოს ნაკრები ითამაშებს ხვიჩასთან ერთად და არა მხოლოდ ხვიჩა. ის არ არის ერთადერთი ამ გუნდში. ვგრძნობ, რომ მის გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება. ხვიჩა ახალგაზრდაა. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, რადგან შესანიშნავი ხასიათი აქვს და შრომისმოყვარეა. მისი მიდგომა და პროფესიონალიზმი არ შეცვლილა. ყველას გვინდა რომ უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს, რისთვისაც ბევრი უნდა იშრომოს.

ლუკა გუგეშაშვილი ადრეც იყო ჩვენთან ერთად, თუმცა იმ დროს კარგი ფორაში არ იმყოფებოდა. მისმა ბოლოდროინდელმა პროგრესმა დამარწმუნა, რომ კიდევ ერთ შანსს იმსახურებს. მან გვაჩვენა, რომ სრულიად განსხვავებული მეკარეა. ვფიქრობ, კარგი პერიოდი აქვს და, ასე თუ გააგრძელებს, მომავალში მზად იქნება ნაკრებს დაეხმაროს. რამდენიმე თვის წინ, ლორია იყო პირველი ნომერი, თუმცა მამარდაშვილმა და კუპატაძემაც მიიღეს სათამაშო დრო. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, საქართველოს ნაკრების კარს გიორგი ლორია დაიცავს და ის ჩვენი გუნდის კაპიტანი იქნება.

გაბრიელ სიგუა ძალიან ახლაგაზრდაა, თუმცა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ვარჯიშებზე ცოტა მორიდებულია და ეს ნორმალურია. მას დრო სჭირდება. ჩვენთან ერთად რადგანაა, ნიშნავს რომ მჯერა მისი შესაძლებლობების. ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა სჭირდება, რათა უკეთესი ფეხბურთელი გახდეს. გარდა მესამე მეკარისა, ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელს ექნება მოედანზე გასვლის შესაძლებლობა უახლოეს მატჩებში. არ ვიცი რამდენი წუთით, მაგრამ მას ექნება პატივი ჩაიცვას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ბათუმში უკვე რამდენჯერმე ვითამაშეთ. პირველი ორი მატჩი უმაყურებლოდ ჩავატარეთ, თუმცა შვედეთთან შეხვედრაში სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო სწორედ ამან მოგვცა დამატებითი მოტივაცია თამაშის მოსაგებად. დარწმუნებული ვარ, მოახლოებულ მატჩებშიც ასე იქნება. გუნდის ბოლოდოინდელმა შედეგებმა მოლოდინი გაზარდა, თუმცა გულშემატკივარი ყოველთვის გვაძლიერებს და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება”.

საბა ლობჟანიძე:
„მონღოლური ფეხბურთს შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ვიცით ქვეყნის და მისი ისტორიის შესახებ. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თამაში ამხანაგურია თუ ოფიციალური. გავდივართ და ასი პროცენტით ვიხარჯებით და ამ შეხვედრაშიც ასე იქნება.

ყველამ იცის თურქეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ეპიცენტრში მოვხვდი. ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ, ფსიქოლოგიურად კი ფეხბურთი მეხმარება, რადგან ყოველდღიური ვარჯიშების ფონზე ნაკლებად ვფიქრობ მომხდარზე“.

საქართველო – მონღოლეთის ამხნაგური მატჩი ბათუმი არენაზე 18:00 დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი”, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (“შახტარი”, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (“აპოელი”, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (“ანკარაგუჯუ”, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამუკელაშვილმა სასტარტოში ითამაშა და 28 წუთში 10 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა

საფრანგეთი ევროპაში ისეთივეა, როგორიც მსოფლიოზე: ბებერი ზლატანის რეკორდი