ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ მორიგი დამაჯერებელი მატჩი ითამაშეს. იტალიის პირველობის 27-ე ტურის შეხვედრაში ნეაპოლელები ტურინში ჩავიდნენ და იქაურ „ტორინოს“ გაეჯიბრნენ. გამარჯვებული ვინ დარჩა ანგარიშიდანაც ჩანს – 0:4.
ხვიჩა ტრადიციულად ძირითადში იყო და სპალეტიმ ბოლომდე დატოვა მოედანზე.
კვარაცხელია პირველ ტაიმში ძალიან აქტიური იყო. წინა ხაზზე მუდმივად მიმართავდა პრესინგს და ბევრს დარბოდა. ამით მცველებს დისკომფორტს უქმნიდა და თავისიანებს ბურთის ჩაჭრის და მოულოდნელი შეტევის საშუალებას აძლევდა.
პირველი გოლი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ოსიმენმა თავით გაიტანა. მერე უკვე კვარას ჯერი დადგა. სტუმრების შეტევის მოგერიებისას საჯარიმოში მყოფმა ჩვენიანმა ბურთი მკერდით ჩამოიღო, მაგრამ დარტყმა არ აცალეს, მცველმა ფეხი ფეხში მოარტყა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თავისი მოპოვებული 11-მეტრიანი ხვიჩამ თავად დაარტყა – დინჯად, აუღელვებლად, ზუსტად ცენტრში, დაბლა – მეკარე კი მარჯვნივ წავიდა და ბურთიც ბადეში გაეხვა.
„ნაპოლიმ“ მეორე ტაიმში 2 გოლი მიამატა და ამაში ისევ არის კვარას წვლილი. მართალია მესამე გოლისას სტატისტიკაში არ აესახება, მაგრამ მარცხენა ფრთაზე ბურთი მიიღო, შიგნით შემოწევა დაიწყო და დარტყმის ნაცვლად ქუსლით ისევ ფლანგზე გაუგრძელა ოლივეირას, რომელმაც შორეულ ძელთან ოსიმენს თავზე ჩაუწოდა და ნიგერიელმაც დუბლი შეასრულა.
აი მეოთხე გოლში კი ხვიჩას საგოლე პასი ჩაეწერა. ოსიმენის აქტიურობის შემდეგ ბურთი კვარას მიუვიდა, ეგოისტურად არ მოიქცა, შეცვლაზე შესულ ნდობელეს დასარტყმელად დაუგორა და 4:0.
ამრიგად „ნაპოლიმ“ 27 ტურში 23-ე თამაში მოიგო, 71 ქულა დააგროვა და კიდევ უფრო მიუახლოვდა სკუდეტოს. მომდევნო მატჩი კი სანაკრებო პაუზის შემდეგ უწევს, 2 აპრილს, გამორჩეულ დაპირისპირებაში – „მილანთან“.
ტორინო – ნაპოლი 0:4
ოსიმენი, 9 (ზიელინსკი); კვარაცხელია (35, პენ); ოსიმენი, 51 (ოლივეირა); ნდობელე, 68 (კვარაცხელია).
GIPHY App Key not set. Please check settings