ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი ¼ ფინალისტი ოფიციალურად ცნობილია. მეტი ინტრიგა ლონდონურ მატჩს ჰქონდა, სადაც არც თუ დალხენილ „ჩელსის“ ბოლო პერიოდში ყველა თამაშის მომგებ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ უნდა დაემტკიცებინა თავისი ამბიციები. გამოუვიდა კიდეც, ოღონდ სკანდალის გარეშე არა.
50-ე წუთზე კაი ჰავერცმა პენალტი ვერ გაიტანა, ძელს მოარტყა, გამოვარდნილი ბურთი სტუმართა ფეხბურთელმა მოიგერია. ჩაერია ვიდეოარბიტრი, ხოლო მთავარმა მსაჯმა დანი მაკელიმ განმეორებითი დარტყმა დანიშნა. ჩათვალეს, რომ ბურთის მომგერიებელი ფეხბურთელი დადგენილ მანძილს არ იცავდა და საჯარიმოს წინ ნახევარწრეში ადრეულად შევარდა.
ამბობენ, ხელახლა პენალტი არასწორად დაარტყმევინეს, VAR-ს ჩარევის უფლება არ ჰქონდაო, მოკლედ კი ატყდა მორიგი სკანდალი, მაგრამ ამით გერმანულ კლუბს რა ხეირი.
ჩელსი – ბორუსია 2:0
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“. 38 882 მაყურებელი
გოლები: 1:0 სტერლინგი (43), 2:0 ჰავერცი (53, პენ)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კუკურელია მიიჩნიეს.
პოტერი მეორე ინგლისელი მწვრთნელია, რომელმაც ერთ სეზონში 5 მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე. ადრე ეს „ნიუკასლში“ ბობი რობსონმა მოახერხა.
პოტერი: „გასახდელში ფანტასტიური განწყობა იყო. „ჩელსიმ“ რთული პერიოდი გადაიტანა, ჩემპიონთა ლიგა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის“.
ჯუდ ბელინგემი: „ის ფაქტი, რომ „ჩელსიმ“ პენალტი მეორედ დაარტყა, უბრალოდ სასაცილოა“.
ტერზიში: „ჩელსიმ“ დაიმსახურა გასვლა, მაგრამ ჩვენც ვიმსახურებდით. ეს თანაბარი მატჩები იყო“.
ბენფიკა – ბრიუგე 5:1
ლისაბონი. „და ლუში“. 60 960 მაყურებელი
გოლები: 1:0 რაფა სილვა (38), 2:0 გონსალუ რამუში (45), 3:0 გონსალუ რამუში (57), 4:0 ჟოაუ მარიო (71, პენ), 5:0 ნერესი (77), 5:1 მეიერი (87)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რაფა სილვა დაასახელეს.
„ბენფიკელმა“ ჟოაო მარიომ პენალტი გაიტანა, მან ზედიზედ მე-5 შეხვედრაში გამოიჩინა თავი ჩემპიონთა ლიგის მატჩში. ლისაბონურ კლუბში ბოლოს ასეთი რამ თვით ეუსებიოს გაუკეთებია 1963/64 წლების სეზონში.
მინოლე: „ბრიუგემ“ ვერ მოახერხა „ბენფიკასთვის“ ბრძოლა მოეხვია თავს“.
GIPHY App Key not set. Please check settings