საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც ფინალის ტოლფასი მატჩი ელის. ნიდერლანდებს მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციოში 8-ვე წაგება აქვს, თუმცა ნაკრებში იმ ახალგაზრდებს უხმეს, რომლებმაც 20-წლამდელებში თავი ისახელეს და მათ საქართველოსთან მატჩით ნაკრებში თავის დამკვიდრების შანსი აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ. ამას დავუმატოთ ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს წაგების უფლება არ აქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში უკვე სხვა მატჩების შედეგებზე იქნება დამოკიდებული და შესაძლოა, ისტორიული მიზანი, რასაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ჰქვია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ასე რომ არ მოხდეს, ილიას ზუროსის ნაკრებს მარტივად შეუძლია მიზნის მიღწევა: საკვალიფიკაციო ტურნირის დარჩენილი ორივე მატჩი უნდა მოიგოს და ამ მიზნის მისაღწევად ჰოლანდიაში მოგება მთავარი ქვაკუთხედია. ჩვენი ნაკრების ყველა წევრი მეტად მოტივირებული და შემართულია და ამ განცდას ჩვენი გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას სამაგალითო საქციელიც აძლიერებს. თოკო ჩარტერული რეისით ხვალ ჩაფრინდება ამსტერდამში, 23 თებერვალს ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს და ბოლონიაში, 24 თებერვლის საევროლიგო მატჩის სათამაშოდ დაბრუნდება, რის შემდეგაც, იმავე ღამეს, ჩარტერული რეისით თბილისში გამოფრინდება და ისლანდიასთან ჩვენს ნაკრებს ზეპრინციპულ მატჩში უკაპიტნებს.
შენგელიამდე, დღეს, ჩვენს ნაკრებს გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი და ცოტა მოგვიანებით, ბექა ბურჯანაძე შეუერთდებიან. მანამდე ნაკრების წევრები ამსტერდამის “აიაქსის” სტადიონის გვერდით მდებარე სასტუმრო Holiday Inn Towers-ში ისვენებენ, რომელიც პატარა ქალაქ ალმერესა და ამსტერდამის ცენტრის შუაში მდებარეობს. სწორედ ალმერეში ჩატარდება 23 თებერვალს მატჩი ნიდერლანდებსა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
საქართველოს ნაკრებმა ამსტერდამში პირდაპირი რეისით იმგზავრა. ჩვენი ნაკრები ნიდერლანდების დედაქალაქის რეისზე სამთავრობო გასასვლელით ავიდა და 5-საათიანი ფრენის შემდეგ ნიდერლანდების დედაქალაქში ჩაფრინდა. ავტობუსით 20-წუთიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი გუნდი სასტუმრო Holiday Inn-ში დაბინავდა. ნაკრებს რამდენიმე საათში გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი შემოუერთდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings