კვიპროსის ჩემპიონატის 24-ე ტურში „აპოელმა“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი აუტსაიდერის „დოქსას“ დამარცხება ვერ შეძლო – 1:1 და პირველზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა.
მასპინძლები 29-ე წუთზე სტანდარტულის შემდეგ თავური დარტყმით ლაშა დვალმა დააწინაურა, რომელმაც გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა.
დვალმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ერთხელ, პირველ ტაიმში გუნდი მწვავე შეტევის დროს გადაარჩინა.
ბუბა დაუშვილი სათადარიგო იყო, ხოლო გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია.
“აპოელი” 53 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერს 1 ქულით ჩამორჩება.
პოლონეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ლეხი“ შინ 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ „ზაგლემბესთან“.
პირველი ტაიმი ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი წიტაიშვილი კი ისევ სათადარიგოთა შორის დარჩა. სტუმართა რიგებში კი განაცხადში არ ყოფილა გურამ გიორბელიძე, ხოლო თორნიკე გაფრინდაშვილი არ ათამაშეს.
“ლეხი” 36 ქულით მე-3 ადგილზეა.
ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიას“ შემადგენლობაში „სტალთან“ 2:1 მოგებულ მატჩში შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარა. შესვენებისას შეცვლაზე შესულმა კაკაბაძემ ერთ წუთში ჯერ თავად გაიტანა, ხოლო 85-ე წუთზე საგოლე პასი გაუკეთა სხვა თანაგუნდელს, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს კაკაბაძის პირველი გოლი და მე-3 შედეგიანი პასია.
სლოვაკეთში „სლოვანმა“ მნიშვნელოვანი თამაში ვერ მოიგო. ფრე 2:2 „ბანსკა ბისტრიცასთან“.
ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე. პირველი ტაიმის შემდეგ “სლოვანი” 0:2-ს აგებდა, ამიტომ შესვენებისას ვლადიმირ ვაისმა ტაქტიკური სქემა შეცვალა, რის გამოც ჩაკვეტაძის გაყვანა დასჭირდა.
მის ნაცვლად მოედანზე ჯაბა კანკავა შევიდა. კაშიამ ბოლომდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ბუდუ ზივზივაძე განაცხადში არ ყოფილა „ზანდჰაუზენი“-„კარლსრუეს“ შეხვედრაში – 0:3.
სამაგიეროდ შეუცვლელად ითამაშეს გიორგი აბურჯანიამ პორტუგალიაში („ჟილ ვისენტე“-„ვიზელა“ 1:1.) და დავით ხოჭოლავამ დანიაში („სილკებორგი“-„კოპენჰაგენი“ 0:3).
GIPHY App Key not set. Please check settings