ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაშის გადამკიდე სულ უფრო ხშირად იწერება მისით დაინტერესებულ კლუბებზე. სულ ბოლოს თვით „სიტი“ და „არსენალიც“ კი ახსენეს. „ნაპოლის“ საზრუნავი კი ახალი მარგალიტის შენარჩუნებაა.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ ხვიჩასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ იგეგმება, რადგან ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი ისედაც აქვს.
„ამ დროისთვის კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საჭიროება არ არის. მას ისედაც ხანგრძლივი ხელშეკრულება აქვს „ნაპოლისთან“. ამავე დროს კარგი ურთიერთობა გვაქვს ფეხბურთელთან და მის აგენტებთან.
ძალიან მშვიდად ვართ. ახლა გვჭირდება ფოკუსირება ყოველდღიურ ამოცანებსა და შედეგებზე, ჩვენი მთავარი საფიქრალი ჩემპიონობაა“, – განმარტა ნეაპოლელთა სპორტულმა დირექტორმა.
ბოლო პერიოდში არაერთხელ დაიწერა, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას ხელფასს გაუორმაგებდა და კონტრაქტსაც კიდევ გაუხანგრძლივებდა.
ამასობაში კი “ნაპოლი” ოფიციალურად გახდა სერია ა-ს პირველი წრის გამარჯვებული. მე-19 ტურში ნეაპოლელებმა გასვლაზე ხვიჩას გარეშე მოუგეს “სალერნიტანას” 2:0.
45+2-ე წუთზე ანგისას პასის შემდეგ, ჯოვანი დი ლორენცომ ანგარიში გახსნა. 47-ე წუთზე კვარას შემცვლელი ელმასის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, ოსიმენმა დამატებაზე ზუსტად დაარტყა და ანგარიშზე მე-13 გოლი ჩაიწერა.
„ნაპოლიმ“ 50 ქულა დააგროვა, რაც კლუბის ისტორიაში პირველ წრეში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
GIPHY App Key not set. Please check settings