საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმედოვნებს, რომ „ჯვაროსნები“,ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას შეძლებენ. ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა იტალიურ გამოცემა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვილი სანიოლი, რომელიც 2021 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელია, წარმატებული პროექტის ცენტრშია. „ჯვაროსნები“ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ, თუმცა ერთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობენ და იმედია, ეს პატარა ერი შეძლებს თავის ისტორიაში პირველ დიდ შეჯიბრებაზე გასვლას. ისინი ოცნებობენ წარმატებაზე ისეთი სწრაფად მზარდი ვარსკვლავით, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა.
თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე, კახაბერ კალაძე, ლევან კობიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ქინქლაძე… ამ თაობამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ნელ-ნელა, ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველომ შეიმუშავა გრძელვადიანი პროექტი – პირველად მოხვდეს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე.
ერთა ლიგის C ჯგუფის მატჩებში საქართველომ მაღალი ხარისხის, შემტევი და სტაბილური ფეხბურთით 16 ქულა მოაგროვა. კვარაცხელიას ლიდერობით „ჯვაროსნებმა“ 16 გოლი გაიტანეს და მომავალ სეზონში B ლიგაში ითამაშებენ.
2023 წლის მარტში საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევის მატჩებს დაიწყებს. ვილი სანიოლის გუნდი A ჯგუფში ესპანეთთან, ნორვეგიასთან, შოტლანდიასა და კვიპროსთან ერთად მოხვდა. იოლი მეტოქეები არ არიან, მაგრამ გაზრდილი თავდაჯერებულობით, სტაბილურობითა და თანმიმდევრულობით, საქართველო, რომელსაც დაარსების დღიდან (1990 წლიდან) დიდ შეჯიბრებებზე არასოდეს უთამაშია, დიდი ნაბიჯის გადადგმას იმედოვნებს.
ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ვილი სანიოლს სხვა მოთამაშეებიც ჰყავს. მიზნის მიღწევა შეუძლებელი არაა, თუ ყურადღებით დააკვირდებით „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშს და „ვალენსიაში“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის გამოსვლას. სანიოლს ასევე გიორგი მიქაუტაძის (22 წლის, „მეცი“), გიორგი ჩაკვეტაძის (23, „სლოვანი“), ზურიკო დავითაშვილის (21, „ბორდო“) ირაკლი აზაროვის (19, „ცრვენა ზვეზდა“) და სხვა ახალგაზრდების იმედიც აქვს. ფრანგი მწვრთნელი ასევე იმედოვნებს, რომ ნაკრებს მალე მისი ყოფილი კლუბის, მიუნხენის „ბაიერნის“ აღმოჩენილი ლუკა პარკაძეც დაეხმარება“, – წერს იტალიური გამოცემა.
Gazetta dello Sport-თან ფრანგი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ გუნდს პროგრესი აქვს: „რასაც მივაღწიეთ, პროგნოზირებადი არ იყო, რადგან ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია შესანიშნავი გუნდებია. ჩვენ ერთა ლიგაზე თავი ძალიან კარგად წარმოვაჩინეთ და ეს აჩვენებს, რომ ჩემი ფეხბურთელები პროგრესირებენ. ყველაზე სასიამოვნო დადებითი დინამიკის დანახვაა. ჯგუფიდან, სადაც ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია და კვიპროსი არიან, ევრო 2024-ზე პირდაპირ გასვლა რთული იქნება. ესპანელები, რა თქმა უნდა, ჯგუფის ფავორიტებად მიიჩნევიან, არც სხვა მეტოქეები არიან სუსტები. დიდ ბრძოლას ველოდები და წარმატების იმედი გვაქვს, საქართველოსთვის ეს შესანიშნავი მომენტი იქნება“, – განაცხადა სანიოლმა იტალიურ გამოცემასთან საუბრის დროს.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings