საინტერესო დღე გამოდგა. გერმანიის ნაკრები დამარცხდა, თანაც ცოტა მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ახლა დღის დასკვნითი ორი მატჩის შესახებ.
აბა ლიდერი არ ჰყავთ და ბევრს ვერაფერს იზამენო? – კიბატონო, ესპანელთა მიმართ მუნდიალის წინ გამუდმებული კრიტიკა ისმოდა. სად არის რამოსი? ან ტიაგო? და ა.შ. მაგრამ გუშინ, ლუის ენრიკეს უწვერულმა ბიჭებმა კოსტა რიკას მასტერ კლასი ჩაუტარეს და მეტოქის კარი 7-ჯერ დალაშქრეს.
ცალკე ამბავია კეილორ ნავასის სტატისტიკა – 0 სეივი. მოკლედ, ფურია როხამ მქუხარე განაცხადით შეანგრია მუნდიალის კარი.
დღის დასკვნით მატჩში კი გამოცდილმა, მაგრამ ლიდერებს მოკლებულმა ბელგიამ ძალზე სიმპათიური კანადა 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი მიში ბატშუაიმ გაიტანა, რომელიც ლუკაკუს ყოფნის პირობებში, ცალსახად, სკამიდან დაიწყებდა.
დამარცხებულის ქება ღირსეული საქციელია, მაგრამ ამ შემთხვევაში კანადის ნაკრებმა კომპლიმენტების მთელი წყება დაიმსახურა. ალფონსო დეივისისა და ჯონათან დევიდის ავანგარდით ჩრდილოეთის მცველებმა ევროპის მიწის ბინადრებს შავი დღე აყარეს, პენალტიც დაარტყეს, მაგრამ ტიბო კურტუაა…!!! და პლუს გამოუცდელობა, რაც, თავისმხრივ, ბელგიელთა პრობლემა იყო 2014 და 2016 წლებში.
GIPHY App Key not set. Please check settings