ბექა ბურჯანაძის დებიუტი იტალიის სერია “ა”-ში. ქართველი ფორვარდის გუნდმა რეჯიო ემილიამ ვერონას უმასპინძლა და 5 ქულით – 65:70 დამარცხდა.
ბურჯანაძემ 10 ქუთი ითამაშა და შეხვედრა 3 ქულითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ბექამ 2 ორქულიანი ააცილა, ხოლო 2 სამიანიდან ერთი გამოიყენა.
2 მოგებითა და 5 მარცხით რეჯიო ემილია ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო ტურში ბურჯანაძის გუნდი ბოლოადგილოსან სკაფატის დაუპირისპირდება.
დუდა სანაძის ბენეფისი პირველივე კვიპროსულ მატჩში. საქართველოს ეროვნული ნაკრების სნაიპერმა ანორთოსისში დებიუტი 27 ქულით, მატჩის MVP-ის ტიტულით და რაც მთავარია, პრინციპული გამარჯვებით აღნიშნა. დუდა სანაძემ ახალ გუნდში პირველივე მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავის გუნდს დაძაბული ბრძოლა 67:65 მოაგებინა.
მწირექულიან მატჩში ჩაგდებულ 27 ქულას რა ფასი აქვს, კალათბურთის სფეროს წარმომადგენლებს კარგად მოეხსენებათ. მართალია, ფამაგუსტელთა მეტოქე აუტსაიდერი ომონია გახლდათ, თუმცა ნიქოსიელებმა ანორთოსისს დიდი ბრძოლა გაუმართეს. გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდა და სანაძის გუნდის გასახარად, ფამაგუსტელთა 2-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.
დუდამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 33:32 წუთი გაატარა. ქართველმა მსროლელმა 6-დან 6-ვე ორქულიანი ჩააგდო, 9-დან 4 სამიანი მიითვალა და 4 ცდიდან მეტოქის ფარში 3 საჯარიმო მოათავსა. 27 ქულასთან ერთად დუდამ 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა ანორთოსისში ყველაზე მეტი, 24 შეადგინა. სანაძის შემდეგ გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ჰქონდა ამერიკელ ანტონიო უეიდს – 14 ქულა, 4 მოხსნა.
2 მოგებითა და 3 მარცხით ანორთოსისი კვიპროსის 11-გუნდიან სუპერლიგაში მე-6 ადგილზეა. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი ჩემპიონატის ლიდერი სტროვოლოსთან 26 ნოემბერს სტუმრად გამართავს.
გიორგი შერმადინი და მისი “ტენერიფე” ისევ შეუჩერებელნი არიან. ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში კუნძულელებმა ერთ-ერთ ამბიციურ გუნდ “ვალენსიას” უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით – 94:74 დაამარცხეს.
გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ლეგიონერმა. შერმადინი ამჯერად მატჩის საუკეთესო ვერ გახდა, თუმცა გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და არასრულ 25 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შერმადინმა 13-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი ასპროცენტიანი იყო: 5-დან 5.
ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი ხაიმე ფერნანდესმა დააფიქსირა, რომელმაც 22 ქულა და 7 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 30 შეადგინა, შერმადინის ანალოგიური მაჩვენებელი კი 22 გახლდათ. 12-12 ქულა საშუ სალინმა და ფრან გუერამ მიითვალეს.
ტენერიფემ სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და ლიგის ლიდერია. გიორგი შერმადინის გუნდის მომდევნო მეტოქე ბრეოგანი იქნება, რომელიც ამჟამად მე-7 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings