ნოემბრის ტესტ-მატჩების პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ურუგვაი „დინამო არენაზე“, ლამაზ სტილში 34:18 დაამარცხეს.
ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება და საქართველომ ზედიზედ მეხუთედ მოახერხა სამხრეთელთა დამარცხება, რომელსაც ბოლო დროს დიდი პროგრესი აქვს და საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ამერიკა1-ის სახელით მოიპოვა.
შეხვედრა ბექა გორგაძისთვის ნამდვილ ბენეფისად იქცა. ფლანკერად მოთამაშე 26 წლის მორაგბემ მეტოქეს პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გორგაძემ ბორჯღალოსნების კვართით ერთ თამაშში სამი ლელო გაიტანა და ჯამში 11 მოუგროვდა. მესამე კეპი მოიხვეჭა და პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა გურამ პაპიძემ.
ურუგვაისთან ჯახი ასევე განსაკუთრებული იყო 29 წლის მერაბ შარიქაძისთვის, რომელმაც ბორჯღალოსნებს მე-40-ედ უკაპიტნა და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი აქვს.
შეხვედრა გამორჩეული იყო სამი დებიუტანტისთვის – ვახტანგ აბდალაძემ, თენგიზ პერანიძემ და ლუკა მატკავამ ეროვნული გუნდის კვართით პირველად ითამაშეს.
შესანიშნავი გარემო შექმნეს რაგბის ქომაგებმა „ბორჯღალოსნებმა“, რომელებმაც მეტრო „მარჯანიშვილიდან“ „დინამო არენამდე“ მსვლელობა მოაწყვეს და მუხტი ჯერ კიდევ თამაშამდე აწიეს, უშუალოდ სტადიონზე კი მუდმივი შეძახილებით 20-ათასამდე გულშემატკივარი აიყოლიეს.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ურუგვაელებმა აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოსგან ტრადიციულ, ახლო ორთაბრძოლებს ელოდნენ, თუმცა ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა, ბოლო წლების დარად, მეტოქეს განსხვავებული, გაშლილი თამაში შესთავაზეს და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს. ამასთან, საქართველო მაქსიმალური ყურადღებით თამაშობდა დაცვაში, მეტოქეს ბურთს უნელებდა და მთავარი კოზირის – არეულ თამაშში სწრაფი შეტევების განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა.
იყო შეცდომებიც და ხშირი ჯარიმები, რის გამოც მთლიანობაში თამაშის ტემპი მაღალი არ იყო, თუმცა ბორჯღალოსნებს მუდამ უჭირთ ხოლმე პირველი შეხვედრის ჩატარება და ამ თვალსაზრისით ურუგვაისთან თამაში კარგი იყო.
დაიწყო თუ არა შეხვედრა, პირველი ბურთის აღებისას შეცდომა დავუშვით და ფელიპე ბერჩესმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. საქართველომ მალევე შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება და 20 წუთის განმავლობაში მეტოქეს არაერთი პრობლემა შეუქმნა. თედო აბჟანდაძემ მე-8 წუთზე ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ორიოდე წუთში კი დავით ნინიაშვილმა შეუტია და ცენტრალურ ხაზთან თედო აბჟანდაძეს ოფლოუდი გაუხერხა, რომელმაც თავის მხრივ აკა ტაბუცაძე მოძებნა. ის მარჯვენა ფრთაზე გაიქცა და ბურთი ფეხით მეტოქის 22-ში გადაკიდა, ასხლეტილი ოვალი ვასილ ლობჟანიძემ მოიგო, შეტევის ტემპი თითქოს შენელდა, მაგრამ მარცხენა ფრთაზე მაინც მოხერხდა ბურთის ჩათამაშება, ბექა საღინაძე 5-მეტრიანთან შეაჩერეს, რაქთან ბექა გორგაძე გაჩნდა და წამის მეასედში ბურთი მარცხენა ალამთან დაამიწა. თედო აბჟანდაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.
ტაიმის შუაში ნინიაშვილმა ბურთი პირველი შეხებით ვერ დაიმორჩილა, თუმცა მერე საოცრება მოიფიქრა და ერთ მეტრში სამი მცველი ჩამოიცილა, შეტევა სანდრო თოდუამ გააგრძელა, ურუვაი დაჯარიმდა და სინბინით ფელიპე ეჩევერი დაკარგა. ამას 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი და გორგაძის მეორე ლელო მოყვა. აბჟანდაძემ იმავე პოზიციიდან მეორეც გარდასახა.
ურუგვაიმ გარკვეული დროით მოახერხა ბურთზე კონტროლის დამყარება და თამაშში დაბრუნდა. 29-ე წუთზე მათი მოლი გილერმო პუხადას ლელოთი დასრულდა, ბერჩესმა კი გარდასახვიდან 3 წუთში ჯარიმაც გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა. ტაიმის ბოლოს მათ კიდევ ერთხელ სცადეს შედეგიანი შეტევის წამოწყება, მაგრამ ჩვენ 22-თან ბურთი დაკარგეს და სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მესამე ლელო მიიღეს. კონტრშეტევა მარჯვენა ფრთაზე ნინიაშვილისა და ტაბუცაძის დუეტმა წამოიწყო, მარცხენა ფრთაზე 2-კაციანი მეტობა გვქონდა, თუმცა სიჩქარეში პასი უზუსტო აღმოჩნდა და სტუმრებმა მოასწრეს უკან დაბრუნება. შეტევის მიმართულება კვლავ მარჯვენა ფრთაზე დაბრუნდა, სადაც ტაბუცაძემ ბოლო მცველი აიყვანა და მისი ოფლოუდით გორგაძემ მესამე ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ ტაიმის შედეგი დააფიქსირა – 24:13.
მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის დერეფანი მოვიგეთ და შალვა მამუკაშვილმა შეუტია, გორგაძემ ოფლოუდით გარღვევაზე აბჟანდაძე გაიყვანა, ის 5-მეტრიანთან შებოჭეს, საქმეში გურამ პაპიძე ჩაერთო და ორი მბოჭავის თავგანწირული მცდელობის მიუხედავად ლელო გაიტანა. აბჟანდაძე გარდასახვიდან კვლავ ზუსტი იყო. ამის შემდეგ ბურთზე კონტროლი მეტოქემ დაამყარა, საქართველომ კი სამოასთან მატჩის წინ დაცვაში კარგად ივარჯიშა.
აბჟანდაძის სინბინის შემდეგ, 10 წუთი უქულოდ მიილია, მაგრამ ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ურუგვაიმ თავისი მეორე ლელოს გატანა მაინც მოახერხა. აბჟანდაძემ მეტოქეს ორ წუთში ჯარიმით უპასუხა. დარჩენილ დროში მაყურებელმა ქართველთა რამდენიმე ლამაზი, ოფლოუდებით შეტევა იხილა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა საქართველომ ნოემბრის სერია გამარჯვებით გახსნა – 34:18.
6 ნოემბერი. თბილისი. „დინამო არენა“. 20 000 მაყურებელი
საქართველო – ურუგვაი 34:18
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გურამ პაპიძე, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა გორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ვახტანგ აბდალაძე; 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ოთარ გიორგაძე; 21. თენგიზ პერანიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დემე თაფლაძე.
4 ლელო: გორგაძე 3, პაპიძე
4 გარდასახვა: აბჟანდაძე
2 ჯარიმა: აბჟანდაძე
ლევან მაისაშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შეცდომები და ბევრი ჯარიმა ავიღეთ, თამაშით კმაყოფილი ვარ. მოთამაშეები ჩქარობდნენ და შეცდომებიც ამის შედეგი იყო. ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო და დარწმუნებული ვარ მომდევნო შეხვედრაში ამდენი შეცდომა და ჯარიმა აღარ იქნება. თამაშის არცერთ ეტაპზე სადავეები ხელიდან არ გაგვქცევია. იყო სამწუხარო მომენტები, როდესაც არასისტემურად ვითამაშეთ, მაგრამ მალევე დავბრუნდით. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ტექნიკური წუნი თუ შეცდომები ამის შედეგია, რომელიც აუცილებლად გამოსწორდება. კარგია რომ გავიმარჯვეთ და თამაშიდან თამაშამდე განვვითარდებით. მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს და რა თქმა უნდა გულშემატკივარს“.
„ეს კვირა მხოლოდ სამოაზე ვიფიქრებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვებით უელსზე. კუნძულელებს ახასიათებთ თამაშების ჩაგდება და სამოას იტალიასთან მარცხმა არ უნდა მოგვატყუოს. ამ გადასახედიდან საგანგაშო ტრავმა არავის აქვს და ვიმედოვნებ მომდევნო შეხვედრას ყველა მორაგბე მზადყოფნაში შეხვდება“.
მერაბ შარიქაძე: „სავსე სტადიონი უკეთესი იქნებოდა, თუმცა თითოულ გულშემატკივარს, ვინც დღეს ტრიბუნაზე იყო უდიდეს მადლობას ვუხდი. ვისურვებ, რომ სამოასთან მატჩში ტრიბუნები ბოლომდე იყოს სავსე“.
„რაც შეეხება განვლილ შეხვედრას, ბევრი ბურთი დავკარგეთ, მაგრამ მთლიანიბაში ლაღი თამაში ვაჩვენეთ და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ, ყველა მათგანი ქულებში არ აისახა. მთლიანობაში ეს იყო თამაში, საიდანაც ბევრი რამ მივიღეთ და დარწმუნებული ვარ სამოასთან შეხვედრამდე ინდივიდუალური შეცდომები გამოსწორდება. ამაზე მთელი კვირის განმავლობაში ბევრს ვიმუშავებთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings