საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, უეფასთან თანამშრომლობით 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა შეიმუშავა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.
დოკუმენტში ასახულია კონკრეტული მიზანი, ღირებულებები, ნაბიჯები და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი საქართველოში. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა გასული ხუთი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და პროცესში წარმოქმნილი ახალი გამოწვევების ანალიზი.
2015-2020 წლების, პირველი სტრატეგიული ციკლის პერიოდში, აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც პირველ რიგში იდგა დღის წესრიგში და სწრაფ, ეფექტურ რეაგირებას საჭიროებდა. ციკლის დასრულების შემდეგ, პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში, უეფასთან ერთად არაერთი კვლევა და შეფასება გაკეთდა, რითაც შევძელით ახალ ეტაპზე გადასვლა და ახალი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც შემდგომ ოთხწლიან პერიოდს მოიცავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სტრატეგიული განვითარების გეგმის მნიშვნელობაზე და 2023 წელს, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და ფეხბურთში ჩართული თითოეული ადამიანი მოიწვია ამ თავგადასავალში.
ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “დღევანდელი დღე ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან წარვადგინეთ სტრატეგიული განვითარების გეგმა, ფეხბურთის ფედერაციის ხედვა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში უეფასთან ერთად შევიმუშავეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ვინაიდან ჩვენი მოტივაცია და მიზანი არის ვიყოთ უკეთესები, ვიდრე ვიყავით გუშინ. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ თვითგანვითარებაზე, ქართული ფეხბურთის განვითარებაზე და თითოეული მონაწილის ჩართულობა ამ გზაზე არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია,რომ არსებობს დოკუმენტი, სახელმძღვანელო და ვიცით რა გზა გვაქვს არჩეული. ბედნიერი ვარ, რომ უეფასთან ერთად ეს შევძელით და დარწმუნებული ვარ, ხვალ უფრო უკეთესები ვიქნებით თითოეული ჩვენგანი და ქართული ფეხბურთი”.
ძირითადი მიმართულებები
ეროვნული გუნდები
ეროვნული ჩემპიონატები
ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება
მასობრივი ფეხბურთი
ქალთა ფეხბურთი
ძირითადი მიმართულებების განვითარებისთვის, აუცილებელია:
ორგანიზაციული განვითარება
პროფესიული განათლება
ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჩართულობის ზრდა
ფინანსური სიძლიერე
საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება
ტექნოლოგიური განვითარება
ანალიტიკის მიმართულების გაძლიერება
GIPHY App Key not set. Please check settings