ეკატერინბურგის “ურალის” შემტევმა ნახევარმცველმა რამაზან გაჯიმურადოვმა რუსულ მედიასთან მოსკოვის “დინამოდან” “ურალში” იჯარის წესით მყოფ ქართველ ფეხბურთელზე ლუკა გაგნიძეზე ისაუბრა.
გაჯიმურადოვი აღნიშნავს, რომ გაგნიძეს თავიდან ვარჯიშებზე მოტივაციის ნაკლებობა აკლდა.
“შემიძლია ვთქვა, რომ გაგნიძემ ჩემს თვალწინ მოუმატა. ის, მხოლოდ 18 წლისაა და თავიდან უთამაშებლობით გამოწვეული მოტივაციის ნაკლებობა ჰქონდა. როცა გუნდში თამაში არ უწევდა, მთელი ენერგიით არ ვარჯიშობდა. როგორც ჩანს, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს “ლანგრით მიართმევდნენ”. რამდენჯერმე ვარჯიშზე გაბრაზებითაც დავუყვირე, გაიქეცი-მეთქი. ისე ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, მოედანზე საოცარი კრეტიულობით გამოირჩევა და მას შეუძლია მალე მოსკოვის “დინამოს” კარიც შეაღოს და გუნდის ძირითადის წევრად იქცეს”, – თქვა გაჯიმურადოვმა.
18 წლის ლუკა გაგნიძე გასულ ზაფხულს 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ თბილისის “დინამოდან” მოსკოვის “დინამოში” აღმოჩნდა, მაგრამ მოსკოველებმა ის “ურალში” გაანათხოვრეს. მიმდინარე სეზონში გაგნიძემ “ურალის” მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა.
GIPHY App Key not set. Please check settings