in

კაპიტნის გარეშე და 6 დებიუტანტით: შავი ლომის სამატჩო რაზმი ცნობილია

“შავი ლომის” სამწვრთნელო შტაბმა 4 დეკემბერს, ავჭალაში “ლოკომოტივ-პენზასთან” გასამართი თამაშისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

რაგბი ევროპის სუპერ თასის მე-5 ტურის შეხვედრა 16:00 საათზე იწყება და მას კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით, გულშემატკივართა მესამედი, 33 პროცენტი დაესწრება.

შეგახსენებთ, ‘შავი ლომი” “ლოკომოტივს” პენზაში 23 ოქტომბერს ეთამაშა და ბონუსით, 27:11 დაამარცხა. მაშინ სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ და ახლა ძირითადში არიან ნიკოლოზ ხატიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, გიორგი პერტაია, ლაშა ჯაიანი, იოსებ გუშარაშვილი, ლაშა ლომიძედა სანდრო თოდუა,

“შავი ლომის” ფერებით პირველ შეხვედრას ჩაატარებენ ნიკოლოზ ხატიაშვილი, ლაშა ჯაიანი, იოსებ გუშარაშვილი, ნიკა აბულაძე, სანდრო სვანიძე და გურამ ქანდაურაშვილი. სასიხარულოა, რომ მათი უმრავლესობა მოედანზე ტრავმის შემდეგ ბრუნდება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მათთან დაკავშირებით ამბობს:

„ძალიან ბევრი მოთამაშე დაგვიბრუნდა ტრავმიდან და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ დროს რუტინას ბევრი ვერ უძლებს. ასევე ბევრი რამაა დამოკიდებული მოედანზე გასვლისთვის დროის სწორად შერჩევაზე“.

„ლაშა ჯაიანმა ტრავმის შემდეგ ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნიკა ხატიაშვილი სანაკრებო შეკრებაზე ჩვენთან ერთად იყო, თუმცა მისი თამაში მაშინ ვერ გავრისკეთ. ახლა ორივენი იქნებიან მოედანზე. ასევე დიდი დრო გაუცდა იოსებ გუშარაშვილს, რომელიც იმედისმომცემი მოთამაშეა და საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება“.

„შეცვლაზე გვყავს ნიკა აბულაძე, რომელიც ასევე ტრავმიდან გვიბრუნდება და ორი დებიუტანტი – სანდრო სვანიძემ შეკრებაზე ძალიან ბევრი იშრომა, თუმცა პატარ-პატარა ტრავმების გამო, აქამდე თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა; ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი ქონდა გურამ ქანდაურაშვილს, ახლახანს კარგი თამაშები ჩაატარა დიდ 10-ში, პროგრესირებს და 23-კაციან შემადგენლობაში ადგილი დაიმსახურა“.

მწვრთნელების გადაწყვეტილებით ამ კვირაში ისვენებენ და მცირე ტრავმებს იშუშებენ ის მორაგბეები, რომლებმაც ბორჯღალოსნების კვართით ითამაშეს. მაისაშვილის თქმით:

„გვაქვს მსუბუქი ტრავმები და მოთამაშეთა სრული რეაბილიტაციიდან გამომდინარე, მათი დასვენება გადავწყვიტეთ. კაპიტანმა (მერაბ შარიქაძე) ნაკრებში ორივე შეხვედრა მოტეხილი თითით ჩაატარა და ახლაც ითამაშებდა მწვრთნელებს მისი დასვენების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო. ასევე ისვენებენ აკა ტაბუცაძე და შალვა მამუკაშვილი. სამწუხაროდ, ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო გიორგი ბეგაძემ. ესეც რომ არა, შემადგენლობაში როტაცია მაინც იქნებოდა. მიმაჩნია, რომ მომავალ შეხვედრას კარგი შემადგენლობით, კარგად მომზადებული ვხვდებით“.

მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მოედანზე გამოცდილი მორაგბეები საკმარისად იქნებიან და დებიუტანტებიც წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას:

„გუნდს ლაშა ხმალაძე უკაპიტნებს, ასევე მოედანზე იქნება სანდრო თოდუა და გამოცდილების მხრივ პრობლემა არ გვექნება. გარდა ამისა, ‘შავი ლომი” სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ამ მოთამაშეებმა სადღაც მიიღონ შანსი საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. ამ მხრივ ხვალ მოედანზე ძალიან ბევრი მოშიებული მოთამაშე გვეყოლება“.

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრიუს ლის და ვან დამის ინსპირაციით დაწყებული კარიერა – წარმატებული კარატისტი და მწვრთნელი

გიორგი ლორია: 8 კილოგრამი დავიკელი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი