in ,

ხვიჩა ნეაპოლის მეფეა

ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა ევროპაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გთავაზობთ ინტერნეტ-გვერდების საინტერესო და შინაარსიანი წერილების ნაწყვეტებს.

Givemesport: ნაპოლი 4:1 ლივერპული. გენიალური კვარაცხელიას კაშკაშა მომენტი

“ჩემპიონთა ლიგაში “ნაპოლიმ” სანახაობრივ თამაშში დაამარცხა “ლივერპული”. იტალიურმა კლუბმა, რომელიც მატჩის დაწყებამდე აუტსაიდერად ითვლებოდა, ტურნირის წინა გათამაშების ფინალისტს მძიმე საღამო მოეწყო.

მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ორივე გუნდის თამაში სასიამოვნო საყურებელი იყო, გულშემატკივრების ყურადღება განსაკუთრებით ერთმა მოთამაშემ მიიპყრო – 21 წლის ქართველმა გარემარბმა, რომელიც ბევრისთვის ნაკლებად ცნობილი იყო, მაგრამ “წითელებთან” ისე ითამაშა, ყველამ გაიცნო და ახლა აღარავის დაავიწყდება.

ზაფხულში ის “ნაპოლიმ” საქართველოს ჩემპიონ ბათუმის “დინამოსგან” 9 მილიონ ფუნტად დაიმატა. ჩამოსვლის მომენტიდან მან დრო არ დაკარგა და “სტადიო დიეგო არმანდო მარადონას” გულშემატკივართა ფავორიტი გახდა. სერია A-ს 5 მატჩში კვარაცხელიამ 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

დაამატეთ ამას კიდევ ერთი საგოლე პასი “ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგაში, პლუს შესანიშნავი თამაში და სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ამ ახალგაზრდის გარშემო სერიოზული აჟიოტაჟი იწყება.

“ლივერპულის” წინააღმდეგ ერთმა მომენტმა აჩვენა, თუ რამდენი შეუძლია მას – ბურთი ნახევარდაცვის ზონაში მიიღო და “ლივერპულის” სამი ვარსკვლავით გარშემორტყმული ქართველი ვირჯილ ვან დეიკს გაექცა, სანამ ფაბინიო ფეხს გაშლიდა. შემდეგ მან დაასწრო ლუის დიასს, სანამ ფაბინიოს კიდევ ერთხელ აჯობებდა და ბურთს ფლანგზე გადაიტანა.

თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კვარაცხელიას აქვს რესურსი მწვერვალამდე ასასვლელად. გასაკვირი არ არის, რომ ბევრი თაყვანისმცემელი მასობრივად წერს Twitter-ზე, რათა გამოხატონ თავიანთი მადლიერება ქართველი ვარსკვლავის მიმართ”.

Metaratings.ru: ხვიჩა ნეაპოლის მეფეა, მან სამი გოლი შექმნა!

“რუსეთის ჩემპიონატიდან ევროპაში წასული (რუსებს ეტყობა “დაავიწყდათ”, რომ კვარაცხელია “ნაპოლიში” ბათუმის “დინამოდან” წავიდა – რედ) მოთამაშეები, როგორც წესი, ადრე არ ბრწყინავდნენ და ბოლო წლებში ჩემპიონატის დეგრადაციის კვალობაზე რუსეთის ლიგიდან დასავლეთში გადასულებისთვის ეს კიდევ უფრო რთული უნდა გამხდარიყო…

თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიამ დონეებს შორის უფსკრული საერთოდ არ “შეიმჩნია” და მაშინვე ჯერ სერია A-ს კლუბების განადგურება დაიწყო, შემდეგ კი “ლივერპულსაც” შეუტია. “ნაპოლიმ” წარმოუდგენელი პირველი ტაიმი ჩაატარა, მაგრამ ხვიჩას მონაწილეობის გარეშე გოლი არ გასულა.

ნობელ არუსტამიანის ფილმი კვარაცხელიას იტალიურ ტრანსფერზე სავსე იყო მისი აგენტის ხმამაღალი განცხადებებით, რომ ის არის ფასდაუდებელი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია თამაში აბსოლუტურად ნებისმიერ დონეზე. მაშინ რთული იყო ამ სიტყვების ღიმილის გარეშე მოსმენა, მაგრამ, როგორც ჩანს, მასშტაბები არც თუ ისე გადაჭარბებულია.

მე-4 წუთზე ხვიჩა საჯარიმოში შევარდა და ბურთი პიოტრ ჟელინსკის გადააწოდა, რომელმაც პენალტი მოიპოვა. 31-ე წუთზე “კვარამ” ჯო გომესი “მიაპრესინგა”, ბურთი წაართვა, თავბრუ დაახვია და გადააწოდა ანგისას, რომელმაც ზელინსკისთან საგოლე “კედელი” გაითამაშა. 44-ე წუთზე კი ქართველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, უბრალოდ, ვერ “შეამჩნია”, კვლავ დაამცირა ჯო გომესი და ბოლოს პირადად შევიდა მატჩის ოქმში, როცა ჯოვანი სიმეონეს ბურთი ცარიელი კარის წინ გაუგორა.

მეორე ტაიმის დასაწყისში “ნაპოლიმ” ხვიჩას გარეშე მაინც მოახერხა გოლის გატანა, 57-ე წუთზე კი ლუჩანო სპალეტიმ შეცვალა. “კვარამ” თავისი საქმე გააკეთა და უკვე შეეძლო გასვლა – მისმა თამაშმა შედეგი განსაზღვრა 4:1.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ხვიჩა სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და ის აგრძელებს ჩვენს მოჯადოებას. “ლივერპულთან” მატჩიდან ირკვევა, რომ ხვიჩას ჯადოქრობა ყოველთვის გოლებსა და საგოლე პასებში არ გარდაიქმნება, მაგრამ ბიჭი მათთან კარგადაა. აგვისტოში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ხვიჩამ ტემპი არ შეანელა და სექტემბრის დასაწყისში “ლაციოსაც” გაუტანა, ხოლო “ლივერპულთან” საგოლე პასი გააკეთა. “მარადონას გუნდში” მას 6 მატჩში აქვს 4 გოლი + 2 პასი და გულშემატკივრების უსაზღვრო სიყვარული, რომლებიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი ფავორიტის, ლორენცო ინსინიეს ჩანაცვლება ასე შეიძლებოდა”…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ევროპამაც შენიშნა: ხვიჩამ ევროპას ქართული სკოლა გაახსენა

ახალი მარადონა: ფენომენაპოლი