in

ფიჯელებმა მოგება ხელიდან გამოგგვლიჯეს: საბრძოლო და პირველი ფრე არანხუესში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფიჯისთან გამარჯვება ბოლოსკენ გაუშვა ხელიდან და 2021 წლის ბოლო მატჩი ფრედ დაასრულა.

ფრანგებთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველო ესპანეთის ქალაქ არანხუესში ფიჯის დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა – 15:15. ეს ამ გუნდებს შორის პირველი საყაიმო ანგარიშია, წინა 5 შეხვედრიდან ჩვენ მარტო 1 გვქონდა მოგებული და დანარჩენი წაგებული.

მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა და საყურებლად თვალსასეირო ნამდვილად არ ყოფილა. მთელი მატჩის განმავლობაში ბორჯღალოსნების მხრიდან გააზრებული და რამდენიმე ფაზიანი შეტევები არ გვინახავს. ჯარიმის შემდეგ, ქართველი მორაგბეები პრაგმატულები იყვნენ და ქულების მოპოვებაზე ფიქრობდნენ.

ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა. ფიჯელები რაქში არგადაგორებისთვის დაჯარიმდნენ, რითაც თედო აბჟანდაძემ ისარგებლა და ზუსტი საჯარიმო დარტყმით საქართველო დააწინაურა. ფიჯელებს ლიდერები – სემი რადრადრა, ლევანი ბოტია და კინი მურიმურივალუ აკლდათ, რაც მათ თამაშსაც დაეტყოთ. ფიჯელები უკანა ხაზიდან ისეთი სახიფათოები არ იყვნენ, როგორიც ჩვევიათ. ასევე, ძალიან ბევრი შეცდომები ჰქონდათ ოფლოუდების დროს.

ლევან მაისაშვილის გუნდი კი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, დაცვა კარგად მოქმედებდა. ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს ქართველმა ღერძებმა – თედო აბჟანდაძემ და ვასილ ლობჟანიძემ. რაქებში კარგად მუშაობდა ბექა გიგაშვილიც. შერკინებაში ჩვენს კარგ თამაშს მოყვა მეორე ჯარიმაც, რომელიც თედო აბჟანდაძემ მორიგ სამ ქულად გარდასახა. საქართველოს ნაკრები ლელოს დადებასთანაც ახლოს იყო. ფეხით შეცურებულ ბურთზე ფიჯელებმა შეცდომა დაუშვეს. ლობჟანიძე ხუთ მეტრში შეაჩერეს. მაშინ, როდესაც მეტოქის ლელომდე ძალიან ცოტა გვრჩებოდა, ფიჯელთა ფრთის მოთამაშემ ტუიმაბამ ბურთი ჩაგვიჭრა, მთელი მოედანი გაირბინა და ლელო დაამიწა. ვოლავოლას გარდასახვა გაუფუჭდა. ტაიმის ბოლოს აბჟანდაძემ ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც შეასრულა და ტაიმიც ასე დასრულდა – 9:5.

მეორე ტაიმი ფიჯელებმა აქტიურად და აგრესიულად დაიწყეს. ხუთმეტრიანში მოგებული შერკინების შემდეგ, ფიჯი ლელოს დადებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ვასილ ლობჟანიძემ ბრწყინვალე ბოჭვით საქართველო ლელოსგან იხსნა. მეორე ნახევარში “ბორჯღალოსნებს” თამაში არ ჰქონიათ და ის ქულებიც, უფრო მეტოქის შეცდომების დამსახურება იყო. თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა და მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე საქართველოს ნაკრები 15:8 იგებდა, მაგრამ მატჩის ბოლოსკენ ფიჯელებმა მაგრად შემოგვიტიეს და მატამ დაგვალელოვა. ვოლავოლამ ზუსტად გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 15:15.

This image has an empty alt attribute; its file name is inbound5441572563928820291.jpg

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კუბელი ქალი მარადონას გარემოცვას ადამიანის ვაჭრობაში ადანაშაულებს: მან ჩვენება მისცა

გოგიტა არქანია მსოფლიო ჩემპიონია