შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა ბათუმის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მან არ გაამხილა ზლატან იბრჰიმოვიჩს ათამაშებს თუ არა.
„რა თქმა უნდა, თუ ზლატანის მსგავს მოთამაშეს შენს გუნდში თამაში სურს, შენ, როგორც მწვრთნელმა უნდა თქვა – დიახ, რადგან ის ფანტასტიკური მოთამაშეა. ზლატანი მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის თავისი ხასიათისა და გამოცდილების გამო, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. მე ბედნიერი ვარ, რომ ის გუნდშია. ზლატანი სათამაშოდ მზად გუშინაც იყო, მაგრამ ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში, ჯერ ვერ ვიტყვი“, – განაცხადა ანდერსონმა.
შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელი, ალექსქანდერ ისაკი ითამაშებს:
„ალბათ, ალექსანდერ ისაკი თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს. ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში შესანიშნავ ფორმაშია და „რეალ სოსიედადის“ ბოლო ექვს თამაშში ოთხი გოლი გაიტანა. ასევე თავი გამოიჩინა ნაკრებში, გაუტანა კოსოვოს და საბერძნეთს. სასტარტო შემადგენლობაში თერთმეტი მოთამაშე გვყავს და ისაკი ალბათ ერთ-ერთი მათგანი იქნება“.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, იანე ანდერსონი დიპლომატიური ფრაზებით შემოიფარგლა:
„საქართველოს ნაკრები დასაფასებელი გუნდია, რადგან მარტში ჩვენთან და შემდეგ სხვა ნაკრებებთანაც კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ჩვენი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ჩემი გუნდი მიზნის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯება, ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია“.
GIPHY App Key not set. Please check settings