თამაში ისევ წავაგეთ. რა გასაკვირია. თამაში შეიძლება წააგო, თამაშებიც, მაგრამ ისმის კითხვა – როდემდე? კარგი ბატონო, საქართველოს ნაკრებს კი არა, გაცილებით დიდ ნაკრებებს ჰქონიათ სერიოზული და ხანგრძლივი ჩავარდნები, მაგრამ სადაა ბრძოლა და იმის მუხტი, რომ გინდა ეს ცუდი სერია დავძლიოთ და გამარჯვებების ეტაპზე გადავიდეთ?
სპორტში მოგების გემოც უნდა განიცადო და მარცხის გემოც და ეს ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ გულშემატკივარი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, წვიმაში, ქარში შენს გვერდითაა იმდენ პატივისცემას იმსახურებს, რომ მოედანზე როდესაც გადიხარ და საქართველოს ნაკრების ფორმა გაცვია, ირბინო მაინც და რაღაც მოტივაცია დაანახო, რომ მოგება გწყურია.
ისლანდიის ნაკრების უახლოესი ისტორია გავიხსენოთ. ამ პატარა ქვეყნის ნაკრებმა იცით როგორ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში თამაში? როგორ და ეს ყველას უნდოდა, ყველას ერთი მიზანი ჰქონდა ფეხბურთელებით დაწყებული, მწვრთნელებით დამთავრებული და ეს მუხტი მთლიან ქვეყანაზე გადავიდა.
საქართველოს ნაკრებს კი, ბოლო მატჩებში გამარჯვების სურვილიც არ ეტყობათ ისე თამაშობენ. დავიჯეროთ მათ არ სურთ, რომ მოგებებით გაიხარონ და არ დაიღალნენ ამდენი ნეგატიური ფონით?
ბათუმში საბერძნეთთან მატჩის ბილეთები მალევე გაიყიდა. ხალხმა, რომელსაც არცთუ დიდი ფინანსური რესურსი აქვთ, ამხელა გზაზე წამოვიდა, ნომრები დაჯავშნა, სანამ არ გამოაცხადებდნენ, რომ მატჩი უმაყურებლოდ გაიმართებოდა. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ათასობით ქომაგი მზად იყო თბილისად ბათუმში ჩამოსულიყო, ფინანსები დაეხარჯა და საქართველოს ნაკრებისთვის ბოლომდე დაეჭირათ მხარი. განა ეს ხალხი ასეთ უჯიგრო თამაშს იმსახურებს? 90 წუთის განმავლობაში საბერძნეთს, რომ ერთ მომენტსაც ვერ უქმნიდე?
თქვენ, საქართველოსთვის თამაშობთ, ქართველი ხალხისთვის და იმ გულშემატკივრისთვის, რომელიც ფინანსურ რესურსს და ნერვებს არ ზოგავს, რომ თქვენ გვერდით იდგნენ. ასე რომ, მეტი თავდადება, ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვების სურვილი დაგვანახეთ. ეს თუ არ შეგიძლიათ მაშინ წადით.
GIPHY App Key not set. Please check settings