ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეჩერებული საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. 12 სექტემბერს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა და საკმაოდ სენსაციური ანგარიშებიც დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, ამ ტურის ერთი მატჩი “სამტრედიასა” და თბილისის “ლოკომოტივის” მატჩი ჩემპიონატის შეჩერებამდე გაიმართა და სამტრედიელებმა 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეაჩერეს. გიორგი ცეცაძის გუნდმა “ლოკომოტივს” ბოლო წუთზე ოთარ კობახიძის გატანილი პენალტით მოიგო.
XXIII ტური
სამტრედია – ლოკომოტივი 1:0
შუქურა – სამგურალი 0:0
თელავი – თბილისის დინამო 1:0
დილა – ტორპედო 1:2
საბურთალო – ბათუმის დინამო 1:1
ქობულეთის “შუქურამ” ფოთის “ფაზისზე” წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლა. დაძაბული მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.
ძალიან დაძაბული, საინტერესო მატჩი გაიმართა თელავში “კავკასიონი არენაზე”, სადაც ადგილობრივმაა “თელავმა” თბილისის “დინამო” მიიღო. კახელებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა, თავგანწირვა გამოავლინა და “თელავმა” თბილისის “დინამო” არსებობის ისტორიაში პირველად დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე გავიდა. ლაშა შერგელაშვილის საჯარიმო დარტყმის შემდეგ. “დინამოს” ესპანელი მეკარე ანდრეს პრიეტო უხეშად შეცდა და ბურთი მისი კარის ბადეში აღმოჩნდა.
ბოლო პერიოდში მოფერიანებულმა ქუთაისის “ტორპედომ” სტუმრად გორის “დილა” დაამარცხა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ქუთაისელთაგან გოლები ბაქარ მირცხულავამ და ირაკლი ძარიამ გაიტანეს. გორელთაგან კი, ერთადერთი გოლი პენალტით ირაკლი ბუღრიძემ მატჩის მიწურულს გაიტანა. აღსანიშნავია, რომ “დილას” ნიკა გაგნიძე და ირაკლი ბიძინაშვილი ვერ ეხმარებოდა, რის გამოც მათ ცენტრში სერიოზული პრობლემები ჰქონდათ და ეს მატჩის წაგებადაც დაუჯდათ.
ტურის დასკვნითი შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა. ბათუმის “დინამო” “საბურთალოს” დაუპირისპირდა, თბილისელი სეხნიის მარცხით ვერ ისარგებლა და სატურნირო ცხრილში სხვაობის ხუთ ქულამდე გაზრდა ვერ შეძლო.
მატჩი ბათუმელებმა იდეალურად დაიწყეს. უკვე მატჩის მე-2 წუთზე ბათუმის “დინამო” ჯოვინო ფლამარიონმა დააწინაურა. ბათუმელები უკეთესები იყვნენ და მეტს აქტიურობდნენ, მაგრამ მთელი მატჩი ბრწყინვალე იყო “საბურთალოს” მეკარე ოთო გოშაძე, რომელმაც ურთულესი ბურთების მოგერიება მოახერხა. ხვიჩა შუბითიძის ფეხბურთელებმა ერთხელ დაარტყეს კარში ზუსტად და გაიტანეს კიდეც. თავი იური ტაბატაძემ გამოიჩინა.
23 ტურის შემდეგ, Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება.
GIPHY App Key not set. Please check settings