“ხანდახან მტკივნეული მარცხი და იმედგაცრუება აუცილებელია იმისათვის, რომ მომავალში უკეთ გავაკეთოთ საქმე და ჩვენი ნაკრებით ვიამაყოთ”- უკვე, ვამაყობთ ვილი… ხანდახან, იმედგაცრუება საჭიროა და ესეც ამ სპორტის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ 40 წელია ეს იმედგაცრუება გრძელდება ჩემო ვილი.
ბოლო სამ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ კარში 12 ბურთი მიიღო და თავად კი ერთი ძლივს გაიტანა. გატანას ვინ ჩივის გუნდს შეტევა უჭირს და ამ სამ მატჩში ერთი გააზრებული შეტევაც არ ჰქონია. ეგ კი არა კარში დარტყმაც გვიჭირს.
ბულგარელებთან აქამდე 6-ჯერ გვქონდა ნათამაშები და 4-ჯერ გვქონდა წაგებული და აქედან ორჯერ დიდი ანგარიშით. ჰო და, ბულგარეთთან დიდი ანგარიშით დამარცხების ტრადიციაც აღვადგინეთ. ქართველები ხომ ტრადიციების და ძველი ფასეულობების მოყვარული ხალხი ვართ.
ვილი სანიოლის მუშაობა ამ სამ თამაშში ვერანაირ კრიტიკას უძლებს. კოსოვოსთან უსახური მატჩი და გაუმართლებელი ცვლილებები. ესპანეთთან ისეთი შემადგენლობა დააყენა მამა ზეციერიც რომ ვერ გამოიცნობდა. დღეს კი, ბულგარეთის წინააღმდეგ, სადაც უფრო შემტევ ფეხბურთს ველოდით ხუთი ნომინალური მცველი დააყენა სასტარტო შემადგენლობაში(დაცვაზე გააკეთა აქცენტი) და აგერ დავინახეთ, რომ დაცვა საიმედო გვყავს. ჩვენი დაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. გაუმართლებელი წვრილ-წვრილი ჯარიმები, პოზიციების დაკარგვა. დაზღვევაზე დაგვიანებული გადასვლები. ნახევარდაცვაში მურთაზ დაუშვილი მერამდენე თამაშია, მხოლოდ იმით გვამახსოვრებს თამაშს, რომ მუდმივად მსაჯებთან აპელირებს. დღეს, მას ვერც ბულგარელეთა შეტევების ჩაშლა გამოდიოდა და ვერც შეტევების წარმართვა. პოზიციიდან გამომდინარე დღეს საქართველოს ნაკრების შეტევების დირიჟორი გიორგი ჩაკვეტაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია ჩაკვე ჯერ არაა სათანადო ფორმაში. გიორგი მიქაუტაძე კი, ბურთს ზედმეტად დიდხანს იჩერებს ფეხში. ამაზე ალბათ მწვრთნელებს აქამდეც უნდა ეთქვათ რამე.
ალბათ, თავიდან ყველას გაგვიხარდა მოედანზე გიორგი მამარდაშვილის გამოჩენა, მაგრამ ახლა ყველა იმას ვდარდობთ, რომ ახალგაზრდა მეკარეს, რომელსაც “ვალენსიას” შემადგენლობაში ბრწყინვალე შეხვედრები ჰქონდა, ფსიქოლოგიური კუთხით ეს მატჩი ცუდი არ გამოდგეს. მამარდაშვილს, რომელსაც ლა ლიგის სამ მატჩში მხოლოდ 1 ბურთი აქვს გაშვებული, ამ მატჩში ერთ ტაიმში გაუშვა 3.
ვილი სანიოლი, როდესაც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მთავარი მიზანი მომავალი ერთა ლიგის გათამაშება და იქ წარმატებული თამაში იყო, მაგრამ ასეთი თამაშით ვისთან უნდა გვქონდეს შანსი? ერთა ლიგაზე სულ ანდორა და ლატვია არ შეგხვდება და ბულგარეთის დონის გუნდთანაც კი უშანსოდ ვაგებთ.
არადა, ბულგარელებს დღეს განსაკუთრებული არაფერი უქნიათ. ჩვენები მეტად “ფაფხურობდნენ”, მაგრამ ბულგარეთმა კლასით მოგვიგო. ესპანეთი კიდევ ხო, მაგრამ ბულგარეთზეც იმის თქმა, რომ გიწევს კლასით მოგვიგოო, აი მაქ ძალიან მძიმედაა ქართული ფეხბურთის საქმე.
შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა. როგორც ლეგენდარული ეროსი მანჯგალაძე იტყოდა “მკვდრების” აღმართულ ცოცხალ კედელს ტოდორ ნედელევმა საჯარიმო დარტყმიდან ბურთი გაადაცილა და ცხრიანში ჩაუსვა გიორგი მამარდაშვილს. მატჩის 34-ე წუთზე კი, ქართველებმა სამი პასი ვერ გადააბეს ბურთის ამოტანისას. ბულგარელებმა ამით ისარგებლეს. სახიფათო შეტევა განახორციელეს და ოთარ კაკაბაძემ პენალტი აიკიდა. 11-მეტრიანი ნიშნულიდან დიმიტარ ილიევმა დაარტყა ზუსტად 2:0. ტაიმის მიწურულს კი, მესამეც მივიღეთ. ამჯერად სპას ნედელევმა შეძლო თავის გამოჩენა.
მეორე ნახევრის სტარტიც საშინელი გამოვიდა. 53-ე წუთზე თავური დარტყმით ანდრეა ჰრისტოვმა საკუთარი გუნდის უპირატესობა 4-ბურთიანი გახადა.
ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ბურთი დაიჭირა და მატჩის ბოლოსკენ გაიტანეს კიდეც. რამდენიმე ჟურნალისტი დაწერდა პრესტიჟის გოლიო, მაგრამ სადღა აქვს საქართველოს ნაკრებს პრესტიჟი? ეს გოლი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა.
საბოლოოდ. 4:1 ბულგარეთის სასარგებლოდ და საქართველოს აკრებს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო სანაკრებო პაუზა ჰქონდა. დემორალიზირებული გუნდი, დაბნეული მწვრთნელი.
GIPHY App Key not set. Please check settings