არგენტინის ნაკრების წარმომადგენლებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე ოთხ ფეხბურთელს არ ჰქონდათ ბრაზილიასთან თამაშის უფლება.
მოგეხსენებათ, 5 სექტემბერს, ოთხი არგენტინელი ფეხბურთელის გამო – ემილიანო მარტინესი, ემილიანო ბუენდია (ორივე „ასტონ ვილა“), ჯოვანი ლო სელსო და კრისტიან რომერო (ორივე „ტოტენჰემი“) – ბრაზილიის ხელისუფლებამ ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი გადადო სან პაულუში მიმდინარე ბრაზილიისა და არგენტინის შეხვედრა (მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი).
ბრაზილია-არგენტინა ჩაიშალა: გადაწყვეტილებას ფიფა მიიღებს – სად იყვნენ აქამდე
არგენტინულმა მხარემ განაცხადა, რომ არაფერიც არ იცოდა ამ ფეხბურთელების თამაშის აკრძალვაზე.
Globo Esporte-ის ინფორმაციით კი, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ (AFA) მატჩის წინ ოფიციალური განაცხადი გაგზავნა ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროში ფეხბურთელების სტატუსთან დაკავშირებით. უარყოფითი პასუხი მოვიდა მხოლოდ მატჩამდე 50 წუთით ადრე. არგენტინელები უკვე სტადიონზე იმყოფებოდნენ, როდესაც მათ აცნობეს, რომ 4 ფეხბურთელი სასტუმროში უნდა დარჩენილიყო.
არგენტინის დელეგაციამ და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ მიიღეს დოკუმენტები, რაც ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციების თანახმად, ამ ფეხბურთელების განაცხადიდან ამოღების საშუალებას იძლეოდა, მაგრამ მარტინესი, ლო სელსო და რომერო მაინც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მოედანზეც გავიდნენ.
დიდი ბრიტანეთიდან ბრაზილიაში ჩასულმა ყველა პირმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ბრაზილიის სანიტარული ზედამხედველობის სააგენტო (Anvisa) ამტკიცებს, რომ ოთხმა არგენტინელმა ფეხბურთელმა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს ცრუ ცნობები მიაწოდეს, თითქოს ბოლო დროს ბრიტანეთში არ იმყოფებოდნენ.
Anvisa-მ პოლიციას მიმართა ამ ფეხბურთელების სასტუმროში დაკავებისა და შემდეგ მათი დეპორტაციის თაობაზე. თუმცა სამართალდამცავების მისვლის მომენტში ოთხივე ფეხბურთელი ავტობუსით უკვე წასული იყვნენ.
არგენტინის სამწრვთნელო შტაბმა ვადაზე ადრე გაგზავნა ეს 4 ფეხბურთელი პრემიერლიგის კლუბებში. არგენტინას 10-ში შინ ბოლივიასთან მორიგი თამაში აქვს.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ჩაშლილი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა:
„ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა სამხრეთ ამერიკის ორ ყველაზე განთქმულ გუნდებს შორის მატჩის დროს.
ზოგიერთი ჩინოვნიკი, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გავიდნენ მოედანზე, რათა წაეყვანათ რამდენიმე ფეხბურთელი – ეს სიგიჟეა, მაგრამ ჩვენ ეს პრობლემები უნდა გადავჭრათ. საკითხები, რომლებიც კოვიდის კრიზისის დროს წამოიჭრება“.
ბრაზილიის პრეზიდენტი ბოლსონარუ მატჩის განახლებას ცდილობდა.
Clarin-ის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი მატჩს თვალ-ყურს ადევნებდა და როდესაც თამაში შეწყდა დაუკავშირდა ფეხბურთის ფედერაციას. ის ითხოვდა, რომ არგენტინელ ფეხბურთელებს არ შექმნოდათ პრობლემები და რომ მატჩი გაგრძელებულიყო.
თუმცა მისი ზარი მას შემდეგ განხორციელდა, რაც არგენტიის ნაკრებმა გასახდელი დატოვა და იმ მომენტისთვის მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings