5 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს გადაწყდა, რომ “ფურია როხა” საქართველოს ნაკრებს ქალაქ ბადახოსში “ესტადიო ნუევო ვივერო” უმასპინძლებს.
ბადახოსი სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში, ესტრემადურას რეგიონშია. 150-ათასიანი ქალაქის სტადიონი თითქმის 15 ათას მაყურებელს იტევს. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ამ სტადიონზე ორჯერ აქვს ნათამაშები – 1999 წელს კვიპროსთან (8:0) და 2006 წელს ლიხტენშტაინთან (4:0).
ამ შესარჩევ ციკლში საქართველოსა და ესპანეთის პირველი მატჩი თბილისში გაიმართა. “ჯვაროსნებმა” პირველი ტაიმი ხვიჩა კვარაცხელიას გოლით მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში ფერან ტორესისა და დანი ოლმოს გოლებით ესპანეთმა იმარჯვა.
საქართველოს ნაკრები ესპანეთს მეხუთედ ეთამაშება, სტუმრად ეს მესამე შეხვედრაა .2013 წელს მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩი ალბასეტეში გაიმართა და დელ ბოსკეს გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:0. 2016 წლის ივნისში კი ვლადიმირ ვაისის გუნდმა ამხანაგურ მატჩში სენსაცია დააფიქსირა, “ფურია როხა” მადრიდში “კოლისეუმზე” დაამარცხა – 1:0. გამარჯვების გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings