ყველაფერი მოგვარდა და „ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ინფორმაცია „ბორდოს“ პრესსამსახურმა დაადასტურა.
ზურიკო დავითაშვილმა კონტრაქტი გააფორმა „ბორდოსთან“, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოდან“ იჯარით დაიმატა, ოღონდ, სავალდებულო შესყიდვის ოფციით. 21 წლის ფეხბურთელი გუნდში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ბორდო“ მოხარულია გაცნობოთ ზურიკო დავითაშვილის ჩამოსვლის შესახებ. იგი გადმოდის იჯარით ერთი სეზონით ბათუმის „დინამოდან“ (საქართველო) სავალდებულო გამოსყიდვის ოფციით.
ზურიკო დავითაშვილი ქვეყნის ყველაზე წარმატებული კლუბის, „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. 2017 წლის სეზონში საქართველოს ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა. ზურიკო მაშინ 16 წლის იყო.
დავითაშვილმა წელიწადნახევარი ითამაშა თბილისის „ლოკომოტივში“ (29 მატჩი, 3 გოლი, 3 საგოლე პასი) და შემდეგ ის შეუერთდა ყაზანის „რუბინს“ 2019-2020 წლების სეზონში (26 მატჩი, 2 გოლი). 18 წლის ასაკში მისი პროგრესი შთამბეჭდავია, გარემარბი სათამაშო დროს იძენს ორი იჯარის წყალობით. მუდმივად თამაშობდა ვოლგოგრადის „როტორში“ (20 მატჩი) და ტულას „არსენალში“ (20 მატჩი, 3 გოლი).
გასული წლის აპრილში ფეხბურთელმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და მოქმედ ჩემპიონ ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი გააფორმა. ზურიკო მაღალ დონეზე თამაშობს, ლიგის 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ევროტურნირის ოთხ შეხვედრაში.
ის ბათუმის „დინამოს“ შესანიშნავი სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. კლუბი დომინირებს მიმდინარე ჩემპიონატში და ჩვენი ახალი მოთამაშე სათამაშო რიტმშია. ზურიკომ ითამაშა ყველა ასაკობრივ ნაკრებში და მიუხედავად იმისა, რომ 21 წლისაა, ეროვნული ნაკრების რეგულარული წევრია, 19 მატჩი ჩაატარა და საქართველოს მაისურით სამი გოლი გაიტანა.
ცოცხალი, სწრაფი და ტექნიკური გარემარბი (1,75 სმ, 63 კგ) ზურიკო დავითაშვილი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ის ჟირონდინებში მოდის კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმის სურვილით. მივესალმებით მას და ვუსურვებთ ბედნიერებას ჩვენს კლუბში. მოგესალმებით ზურიკო!“, – წერია ფრანგული კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ცნობაში.
გამოცემა „ეკიპი“ ამავე დროს იუწყება, რომ „ბორდოს“ წინაშე არსებული პრობლემები მოგვარდა, რაც დავითაშვილის რეგისტრაციას აბრკოლებდა.
„კლუბმა, რომელიც ძალიან ახლოს იყო ზაფხულში გაკოტრებასთან, სახელფასო ფონდი დაახლოებით 5 მილიონი ევროთი შეამცირა, რაც ახალი თანამშრომლების რეგისტრაციის წინაპირობა იყო, ეს მოთამაშეების მიერ ხელფასების შემცირების წყალობით მოხერხდა. ამავე დროს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები (ედსონ მექსერი, მბაიე ნიანგი, ჰვანგ უი-ჯო, რემი უდინი, ენოკ კვატენგი) წავიდნენ“.
ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი „ბორდოში“ საფრანგეთის კლუბების მართვის კონტროლის ეროვნული დირექციის (DNCG) გადაწყვეტილებით არ დადასტურდა, – ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი news.eseuro ავრცელებს.
მართვის კონტროლის ეროვნული დირექცია (Direction Nationale du Contrôle de Gestion DNCG)-ის არის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საფრანგეთის პროფესიულ საფეხბურთო ასოციაციაში შემავალი კლუბების ანგარიშების მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე.
„„ბორდო“, რომელიც მართვის კონტროლის ეროვნულმა დირექციამ ადმინისტრაციული წესით დააქვეითა და გადაიყვანა ლიგა 2-ში, გაუქმების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ივლისის შემდეგ, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო ამხანაგურ მატჩებში, კლუბის მომავალი კვლავ გაურკვეველი იყო. „ბორდო“ მთელი აგვისტო ელოდა თავის ლიცენზირებას და იძულებული გახდა კონტრაქტი დაედო მართვის კონტროლის ეროვნულ დირექციასთან ბიუჯეტში კონტროლირებადი ხელფასის შესახებ.
მაგრამ სახელფასო ფონდის შემცირება საკმარისი არ აღმოჩნდა ბაჯისა და დავითაშვილის კონტრაქტების დასამტკიცებლად. ჩვენი ინფორმაციით, ქართველის ტრანსფერი ვერ დადასტურდა იმის გამო, რომ მართვის კონტროლის ეროვნული დირექცია ხელფასების საბოლოო კონტროლის დროს უსიამოვნო სიურპრიზს წააწყდა. მაგრამ „ბორდოს“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მათ გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო“, – წერს ინტერნეტ-პორტალი.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში დავითაშვილი ლიგა 1-ის „ლორიანში“ უნდა გადასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა. ახლა კი ფრანგული კლუბის დაუდევრობის გამო ეს ტრანსფერიც პრობლემების წინაშე დადგა.
თუმცა, ფრანგული მედიის დიდი ნაწილის მტკიცებით, ჯერ საბოლოოდ ტრანსფერი ჩაშლილი არაა და „ბორდოს” პრობლემის გადასაწყვეტად 4 დღე მიეცა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings