იაპონიის მოსახლეობის 60%-ზე მეტს ტოკიოში ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩატარება არ სურს.
ასეთი დამოკიდებულება ვაქცინაციის დაბალ ტემპთან, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან და ჯანდაცვის სპეციფიკასთანაა დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, როგორც წესი, საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა საკმარისი არ არის ხოლმე. ამჟამად იაპონიის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, პალატებში კი ადგილების 90% შევსებულია.
გამოკითხვა სააგენტო KYODO-მ ჩაატარა და დაადგინა, რომ თამაშების ჩატარებას გამოკითხულთა 12,6% თუ ემხრობა, თუმცა ესეც მხოლოდ მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით. ხოლო 25,2%-ის აზრით, ღონისძიება საერთოდ ცარიელი ტრიბუნებით უნდა გაიმართოს.
ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტომდე გასტანს, პარაოლიმპიადა კი 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდეა დაგეგმილი.
თამაშებზე არ იქნებიან უცხოელი გულშემატკივრები, ხოლო იაპონელი ფანების დასწრების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ ისევ არ არის.
GIPHY App Key not set. Please check settings