როდესაც ოთხეულს მიღმა მყოფმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ ერთი თვის წინ, 3 აპრილს თავის უშუალო კონკურენტ და ოთხეულში მყოფ „აინტრახტთან“ საშინაო, ლამის გადამწყვეტი მატჩი წააგო, თითქმის შეუძლებლად მოჩანდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, მით უმეტეს იმ პერიოდში „აინტრახტი“ ძალიან ყოჩაღობდა და მომდევნო ტურში მესამედგილოსანი „ვოლფსბურგიც“ დაამარცხა. მაგრამ ფაქტი სახეზეა: ბოლო 5 თამაში „ბორუსიამ“ მოიგო, ფრანკფურტელებმა კი უკლეს, წინა ტურში ლევერკუზენში წააგეს, ახლა შინ „მაინცს“ ვერ მოუგეს და მე-4 ადგილი დორტმუნდელებს გადააბარეს. „ბორუსიამ“ განსაკუთრებით ბოლო ორ შეხვერაში ივარგა. ჯერ სტუმრად „ვოლფსბურგი“ დაამარცხა, ახლა კი შინ „ლაიპციგი“ – 3:2. მასპინძლებს მთავარი ძალა, ჰაალანდი არ ჰყავდათ და მოგებაც სათუაო გაიხადეს, როდესაც 2:0 გაანიავეს და მეტოქეს გაათანაბრებინეს, თუმცა ბოლოსკენ სანჩომ გამრჯვების და ოქროს ქულების მომტანი გოლი შეაგდო.
თუმცა ამდენი წვალება ბოლომდეა მისაყვანი, დარჩენილია ორი ტური, „ბორუსია“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს „აინტრახტს“, მაგრამ ყველაფერი უკვე მის ხელშია.
ამ თამაშის შედეგის გამო გაჩემპიონებულმა „ბაიერნმა“ 6:0 გაანადგურა მეორე „ბორუსია“, გლადბახის. ყველაზე კარგი სატირული იუმორი პოლიციას გამოუვიდა.
ზედიზედ 9 და ფლიკის 7: ბაიერნი უთამაშებლად გახდა ჩემპიონი
მიუნხენის პოლიციის ექაუნთმა „ბაიერნის“ ჩემპიონობასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა:
„იძებნება კონკურენცია ბუნდესლიგაში, რომელიც დაახლოებით 9 წლის წინ დაიკარგა. ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოგზავნეთ „ბაიერნში“ ან პოლიციის ნებისმიერ განყოფილებაში“.
ჰანს-დიტერ ფლიკი: „ბავშვობიდან „ბაიერნს“ ვგულშემატკივრობდი და აქ ორი მშვებიერი სეზონი გავატარე“.
ფლიკმა 7 ტოფეი მოიგო ორ სეზონში.
„ბაიერნმა“ გაიმეორა „იუვენტუსის“ რეკორდი ტოპ 5 ლიგის გუნდებს შორის: „რეკორდმაისტერიც“ ზედიზედ 9-ჯერ გახდა ჩემპიონი.
ნოიერმა ოლივერ კანის რეკორდი გაიმეორა ბუნდესლიგაში მშრალი მატჩების რაოდენობით (204) და თან 120 მატჩით ნაკლები ითამაშა.
ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა „გლადბახთან“ შეხვედრაში. პოლონელს 39 გოლი აქვს ბუნდესლიგის 27 მატჩში.
როგორც ყოველთვის, დიდი დაძაბულობაა ცხრილის ქვედა ნაწილში. გავარდნილია „შალკე“, მაგრამ ვინ იქნება მეორე უიღბლო და პლუს ვის მოუწევს გადათამაშება, ამას ალბათ მხოლოდ ბოლო ტური და მსაჯის ბოლო ჩასტვენა თუ გაარკვევს.
ამჟამად 29 ქულიანი „კიოლნი“ ვარდება, 31 ქულა აქვთ მის წინ მყოფ „ჰერტას“ „ვერდერს“, „არმინიას“.
ტომას შააფი შესაძლოა „ვერდერის“ მწვრთნელად დაბრუნდეს და ზაფხულში კოხფელდტი შეცვალოს.
ბუნდესლიგა – 32-ე ტური
შტუტგარტი – აუგსბურგი 2:1
დორტმუნდი – ლაიპციგი 3:2
ჰოფენჰაიმი – შალკე 4:2
ვერდერი – ლევერკუზენი 0:0
ვოლფსბურგი – უნიონი 3:0
ბაიერნი – გლადბახი 6:0
კიოლნი – ფრაიბურგი 1:4
აინტრახტი – მაინცი 1:1
ჰერტა – არმინია 0:0
GIPHY App Key not set. Please check settings