„სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი სტუმრად მოუგო პსჟ-ს 2:1 და დიდი ნაბიჯი გადადგა ისტორიაში პირველი ფინალისკენ, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
პეპ გვარდიოლა:
„შევეცდებით ისტორიაში პირველად გავიდეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ტაქტიკურად იდეალური მატჩი ჩავატაროთ.
ვეთამაშებით გუნდს, რომელშიც შესაძლებელია ამ მომენტისთვის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეები არიან თავმოყრილი. მათ შეუძლიათ ერთი მოქმედებით თამაშის მოგება. უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ ბურთით და უბურთოთ. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ განმეორებითი ნახევარფინალები ყოველთვის რთულია“.
მაურისიო პოჩეტინო:
„ფეხბურთში საკუთარი ძალების რწმენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვეცდებით გოლების გატანას. რა თქმა უნდა, გუნდი დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა. მაგრამ სპორტის ამ სახეობაში არ შეიძლება დროზე ადრე დანებება“.
ნეიმარი:
„ძალიან რთული პირველი მატჩი გვქონდა, მაგრამ უკეთესის უნდა გჯეროდეს. არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს სტატისტიკა ან ჩვენი ფინალში გასვლის ალბათობა. მე შეტევის მოთამაშე ვარ, წინ ვდგავარ და პირველი მეომარი ვიქნები, რომელიც დანარჩენენს ბრძოლაში გაუძღვება. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება და ვიბრძოლებ ფინალში გასასვლელად, თუნდაც ამისათვის მოედანზე სიკვდილი დამჭირდეს“.
ის, რომ „სიტი“ უნდა გავიდეს ფინალში, ამაზე ისტორია იუწყება. აქამდე ინგლისურმა კლუბებმა 47-ჯე მოიგეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი და ყველა, 47-ვე შემთხვევაში გადიოდნენ მომდევნო ეტაპზე. პსჟ-ს მინიმუმ ორი გოლის გატანა მაინც სჭირდება, რაც მარტივი საქმე არ იქნება იმის მიუხედავად, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ბოლო 10 მატჩია იგებს.
პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველა გასვლით შეხვედრაში გაიტანეს. მათგან 5-დან 4-ში – მინიმუმ 2 გოლი. ხოლო ბოლო 3 მატჩში – 3-ზე ნაკლები არა, მათ შორის მანჩესტერშიც, „იუნაიტედის“ კარში.
სავარაუდო შემადგენლობები
„სიტი“: ედერსონი – უოკერი, სტოუნზი, დიაში, კანსელო – როდრი, გიუნდოგანი – მარეზი, დე ბრუინი, ფოდენი – ბერნარდო სილვა.
პსჟ: ნავასი – ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო – დანილო, პარედესი – დი მარია, ვერატი, ნეიმარი – მბაპე.
გზა ნახევარფინალისკენ
სიტი
სტატისტიკა: მ10 ფ1 წ0 ბ23-4
ბომბარდირი: ფერან ტორესი (4)
1/4 ფინალი: 4:2 დორტმუნდის “ბორუსიასთან”
1/8 ფინალი: 4:0 გლადბახის “ბორუსიასთან”
C ჯგუფი: გაიმარჯვა
პსჟ
სტატისტიკა: მ6 ფ1 წ4 ბ21-12
ბომბარდირი: კილიან მბაპე (8)
1/4 ფინალი: 3:3 „ბაიერნთან“ (მოგება გასვლაზე გატანილი გოლის წესით)
1/8 ფინალი: 5:2 „ბარსელონასთან“
H ჯგუფი: გაიმარჯვა
ფორმა
სიტი
ბოლო შედეგები: მმმმწმ
ბოლო მატჩი: „კრისტალ პალასი“-„სიტი“ 0:2
ამჟამინდელი მდგომარეობა: 1-ელი ადგილი ჩემპიონატში, ლიგის თასის გამარჯვებული
პსჟ
ბოლო შედეგები: მწმმმწ
ბოლო მატჩი: პსჟ-„ლანსი“ 2:1
ამჟამინდელი მდგომარეობა: მე-2 ადგილი ჩემპიონატში, თასის 1/2 ფინალი
სტატისტიკა
წინა მოგება პსჟ-სთან „სიტის“ 50-ე გამარჯვება იყო ჩემპიონთა თასზე და ზედიზედ მე-6. აქამდე ამაზე ხანგრძლივი მოგებათა სერია „ქალაქელებს“ არ ჰქონიათ.
¼ ფინალში ორივე გუნდმა ბუნდესლიგის წარმომადგენლებს აჯობა.
„სიტის“ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ერთხელაც არ წაუგია – 10 მოგება და 1 ფრე. პსჟ-მ კი 4-ჯერ წაგება მოასწრო – 6 მოგება და 1 ფრე.
პსჟ და „სიტი“ შეუძლიათ ჩემპიონთა თასის 23-ე გამარჯვებულები გახდნენ და პირველი ახალი გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ერაში 2012 წლის შემდეგ, როდესაც ტროფეი „ჩელსიმ“ მოიგო.
ბუქმეკერები
ბუქმეკერები „სიტის“ მიიჩნევენ ფავორიტად და მისი მოგების უფრო სჯერათ, თუმცა ასევე ხშირად ისმის საყაიმო ანგარიშის პროგნოზი.
ბუქმეკერები „სიტის“ მოგებაზე დაახლოებით 1.7 ფსონს ჩამოდიან, პსჟ-ს გამარჯვებაზე – 4.6-ია კოეფიციენტი, ხოლო ფრეზე – 4.4.
ფინალში გასვლაზე „სიტის“ კოეფიციენტი კიდევ უფრო დაბალია – 1.15, თუ გარისკავთ და პსჟ-ს ქამბექს დაწერთ, თქვენი თანხა დააახლოებით 6.3-ჯერ გაიზრდება.
ფაქტები გუნდებზე
სიტი
ჩემპიონთა ლიგაზე „სიტიმ“ თავის ერთადერთ ნახევარფინალში 2015/16 წლების სეზონში „რეალთან“ წააგო – 0:0 და 0:1.
„სიტის“ კიდევ ორჯერ უთამაშია ევროთასების ნახევარფინალში – თასების თასზე. 1969/70 – „შალკე“ – 0:1 და 5:1; 1970/71 – „ჩელსი“ – 0:1 და 0:1.
გამოდის, რომ ნახევარფინალებში „სიტიმ“ მხოლოდ ერთხელ მოიგო საშინაო მატჩი.
„სიტის“ შეიძლება გახდეს 42-ე კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში გავა.
დორტმუნდში მარკო როისის 84-ე წუთზე გატანილ გოლამდე „სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზე 790 წუთი არ უშვებდა გოლს.
„სიტი“ მეათედ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე. 2011/12 წლების სეზონიდან მას ერთიც არ გამოუტოვებია.
„სიტიმ“ გაიტანა 58 გოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 24 მატჩში. ბოლო სამ სეზონში გუნდმა მოიპოვა 23 გამარჯვება (4 ფრე და 3 წაგება).
„სიტიმ“ მოიგო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ბოლო 5 საშინაო შეხვედრა.
„სიტის“ სტატისტიკა ფრანგულ კლუბებთან: მ5 ფ3 წ3. ბურთები – 21:16.
„სიტის“ ევროთასებზე ორჯერ მოუწია პენალტების სერია და ორივეჯერ მოიგო:
4:2 “მიდტიულანდი“ – უეფას თასი-2008/09
4:3 „ოლბორგი“ – უეფას თასი-2008/09
პსჟ
ეს მესამე ნახევარფინალია პსჟ-სთვის ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე (მ1 წ1).
1994/95 0:3 „მილანი“ (0:1, 0:2)
2019/20 3:0 „ლაიპციგი“.
თავის მეორე ნახევარფინალში პსჟ პირველიდან 25 წლის შემდეგ გავიდა. ეს რეკორდია.
გასულ სეზონში პსჟ გახდა საფრანგეთის მე-5 წარმომადგენელი, რომელსაც ფინალში უთამაშია („რეიმსი“, „სენტ ეტიენი“, „მარსელი“, „მონაკო“ – მარტო „მარსელმა“ მოიგო 1993 წელს).
თუ პსჟ-მ „სიტი“ გაიარა, მესამე ფანგული კლუბი გახდება, რომელიც ფინალში ერთზე მეტჯერ ითამაშებს.
პსჟ სამჯერ უთამაშია თასების თასის და ერთხელ უეფას თასის ნახევარფინალში. ყველაზე ეს ნახევარფინალი 1993-97 წლების პერიოდზე მოდის. პარიზელები ორჯერ გავიდნენ ფინალში და ორჯერ გამოვარდნენ. თუ შარშანდელ „ლაიპციგთან“ გამარჯვებას მივათვლით, პსჟ-ს სამი ნახევარფინალი გამოუვა მოგებული.
მბაპემ 8 გოლი გაიტანა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე – ყველა ბოლო 6 მატჩში.
პსჟ ზედიზედ მეცხრედ გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე, სულ კი 13 მონაწილეობა მოუგროვდა.
პსჟ ჩემპიონთა ლიგის 34 მატჩში იტანდა გოლს და ამით „რეალის“ რეკორდი გაიმეორა, მაგრამ ვერ გაუტანა წინა ფინალში „ბაიერნს“. წელსაც სულ იტანდა და ლიგის 23 საშინაო შეხვედრაში შეაგდო, მაგრამ ისევ „ბაიერნს“ ვერ გაუტანა წინა ეტაპზე, ¼ ფინალში პარიზში.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო 29 მატჩიდან პსჟ-მ 18 მოიგო (4 ფრე და 7 წაგება).
პსჟ-მ მოიგო ბოლო 17-დან 10 საგარეო თამაში.
პსჟ-ს ამოგებული აქვს ბოლო ორი მატჩი ინგლისში. წელს აჯობეს „მანჩესტერს“ (3:1), ასევე „მანჩესტერს“ მოუგეს 2:0 წინა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში.
საერთო სტატისტიკა ინგლისში ასეთია: მ3 ფ4 წ5.
ფრანგებს ინგლისურ კლუბებთან 7 მატჩი აქვთ მოგებული 24-დან (ფ8 წ9), მაგრამ ბოლო 11-დან მარტო 3 მოიგეს (ფ3 წ5).
პსჟ-ს უეფას ტურნირებზე პირველი მატჩი შინ 4-ჯე წაუგია და ყველა შემთხვევაში გავარდნილა.
პენალტების სერია ევროთასებზე:
3:4 „რეინჯერსი“ – უეფას თასი-2001/02
და კიდევ
პოჩეტინო და გვარდიოლა ერთმანეთს 19-ჯერ შეხვედრილან. ჯერ ასეა – 11:3 გვარდიოლას სასარგებლოდ.
GIPHY App Key not set. Please check settings